ლადო პაპავა იმედოვნებს, რომ დავით ნარმანია დარჩენილ ორ კვირაში პირობას შეასრულებს

ლადო პაპავა იმედოვნებს, რომ დავით ნარმანია დარჩენილ ორ კვირაში პირობას შეასრულებს

როგორც თსუ-ის რექტორმა განაცხადა, დედაქალაქის მერმა პირობა დადო, რომ საბურთალოზე, უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომიჯნავე ტერიტორიაზე სასაფლაოს მშენებლობის ნებართვას გააუქმებს.

ლადო პაპავა აცხადებს, რომ აღნიშნული ნებართვა მერიის წინა ხელმძღვანელობის დროსაა გაცემული და ამ საკითხთან დაკავშირებით უნივერსიტეტის პროტესტს მაშინ რეაგირება არ მოჰყოლია.

“ამ ნებართვის გაუქმებას დაგვპირდა დედაქალაქის მერი დავით ნარმანია, რომელიც უნივერსიტეტელია. დაგვპირდა, რომ ამას გააკეთებს არაუგვიანეს სექტემბრისა. დარჩენილია ორიოდე კვირა და ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ მან დაპირება შეასრულოს”, - განაცხადა ლადო პაპავამ.

ამასთან, უნივერსიტეტის რექტორმა მადლიერება გამოთქვა ხელისუფლების მიმართ იმ ფაქტის გამო, რომ თსუ-ის მმართველობაში გადაეცა 10 ობიექტი, მათ შორის, საუნივერსიტეტო კლინიკისთვის კონსტიტუციის ქუჩაზე მდებარე საავადმყოფოს ყოფილი შენობა. თუმცა, ლადო პაპავამ დასძინა, რომ სასწავლებელს კიდევ 116 ობიექტი უნდა გადაეცეს.