პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ნაციონალური მოძრაობის” სახელით განცხადება საპარლამენტო უმცირესობის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა გააკეთა
საკანონმდებლო ორგანო დღეს მე-3 მოსმენით “ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონპროექტს განიხილავდა.
თაქთაქიშვილის თქმით, „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონპროექტი ერთ-ერთ მათგანია, რომლის საკომიტეტო განხილვაც თბილისში განხორციელდა.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ თბილისში პარლამენტის საქმიანობის განხორციელება საქართველოს კონსტიტუციას ეწინააღმდეგება, კერძოდ, იმ ჩანაწერს, რომლის თანახმადაც, ქუთაისი გახლავთ პარლამენტის ადგილსამყოფელი. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პარლამენტი თუკი მე-3 მოსმენით აღნიშნული კანონპროექტის მოსმენას მხარს დაუჭერს, ეს იქნება კონსტიტუციის, პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით მიღებული საქართველოს კანონი”, - განაცხადა თაქთაქიშვილმა.
მისივე თქმით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” გეგმებს გამოიყენოს ყველა სამართლებრივი გზა იმისთვის, რომ ეს არაკონსტიტუციური პროცედურის საკითხი დაამტკიცოს, მათ შორის, მიმართოს სასამართლოს.
“შესაბამისად, ჩვენი სურვილი არ არის პარლამენტმა მიიღოს ის კანონი, რომლითაც დაირღვევა საქართველოს კონსტიტუცია და რომლის გამო მოიმავალში შესაძლოა, საპარლამენტო უმრავლესობა უხერხულში აღმოჩნდეს. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ არ დაუჭიროთ მხარი წარმოდგენილ კანონპროექტს, არ უყაროთ კენჭი. ეს ეხება არა მხოლოდ ამ კანონპროექტს, არამედ ყველა იმ კანონპროექტს, რომელსაც პარლამენტი თბილისში კომიტეტებში განიხილავს, სადაც ოპოზიციას არ ეძლევა შესაძლებლობა, ჩართული იყოს და მონაწილეობა მიიღოს განხილვებში, რადგან ჩვენი სურვილია და ვალდებულებაა, რომ არ ვიყოთ არაკონსტიტუციური პროცესის მონაწილეები. ამიტომ პირველ რიგში, მოგიწოდებთ, რომ მიიღოთ გადაწყვეტილება იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი კანონპროექტები არ იქნას დაყენებული კენჭისყრაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში თუკი ამ გადაწყვეტილებას თქვენ არ დაეთანხმებით, მოგიწოდებთ თქვენც, რომ არ გახდეთ თანამომაწილეები კონსტიტუციის დარღვევის და არ უყაროთ კენჭი და არ დაუჭიროთ მხარი ასეთ კანონპროექტებს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” იმისდა მიუხედავად კანონპროექტის შინაარსი მისაღებია თუ არა, არ აპირებს გახდეს, არაკონსტიტუციური პროცესის მონაწილე და აქედან გამომდინარე, არ აპირებს, რომ მხარი დაუჭიროს არცერთ იმ კანონპროექტს, რომელიც კონსტიტუციის დარღვევით იხილება თბილისში და არა ქუთაისში”, - განაცხადა თაქთაქიშვილმა.
პარლამენტმა „ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების შესახებ“ კანონპროექტი მე-3 მოსმენით მიიღო.