საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების ფაქტით ,,ქართულმა ოცნებამ" ისარგებლა. გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიცია რაფალიანცის თემით სპეკულირებს.
გიორგი ვაშაძის თქმით, ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე ორი ნაწილისაგან შედგება. პირველ რიგში, გასარკვევია თუ ვინ ჩაიდინა მკვლელობა და საიდან აღმოჩნდა ბავშვი ქვევრში, ხოლო მეორე ნაწილი პოლიტიკურ მოტივს უკავშირდება.
,,პირველ ოქტომბერს არჩევნების დღეს, ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლები საარჩევნო უბნებთან იდგენ და მოუწოდებდნენ ამომრჩევლებს ხმა ბავშვის მკვლელებისთვის არ მიეცათ. თუ ვინმემ ისარგებლა ამ შემთხვევით, ეს ,,ქართული ოცნება" იყო და სწორედ ამიტომ ვითხოვთ პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ძალიან ცუდია, რომ "უზნეო ადამიანები, რომლებსაც წარსულში ბევრი კრიმინალი აქვთ ჩადენილი", ბარბარე რაფალიანცის თემით სპეკულირებენ და ამაში ოჯახსაც რთავენ.
"ეს შემთხვევა მოხდა "ნაციონალების" დროს, მათ ჰქონდათ 25 დღე გამოძიებისთვის. როცა ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში, სამწუხაროდ, გამოძიება ჩიხში იყო შეყვანილი. როცა უნდა მოხდეს ცხელ კვალზე გასვლა, მაშინ არაფერი გააკეთეს. დღეს, ორი წლის შემდეგ, ამ უზნეო ადამიანების მიერ წამოწყებულ სპეკულაციებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.