"პუტინმა დაიმუქრა, რომ რიგას, ვილნიუსს, ტალინს, ვარშავას და ბუქარესტს ორ დღეში აიღებს"

უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დაიმუქრა, რომ სურვილის შემთხვევაში , ორ დღეში აიღებს რიგას, ვილნიუსს, ტალინს, ვარშავას და ბუქარესტს. ინფორმაციას უკრაინული მედია გერმანულ Süddeutsche Zeitung-ზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ევროკომისიის პრეზიდენტს ჟოზე მანუელ ბაროზუს 12 სექტემბერს, კიევში ვიზიტისას განუცხადა.

გერმანული გამოცემის თანახმად, ვლადიმერ პუტინმა ასევე ურჩია უკრაინის პრეზიდენტს, დიდად ნუ იქნებოდა ევროკავშირის იმედზე, რადგან პუტინის განცხადებით, სურვილის შემთქვევაში მას შეუძლია გავლენა იქონიოს და დაბლოკოს მიღებული გადაწყვეტილებები ევროკავშირის დონეზე.