ნატოსთვის რუსეთი საფრთხეს არ წარმოადგენს. ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა კარნეგის ევროპულ ფონდში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"არ მგონია, რომ რუსეთი დღეს უშუალო საფრთხეს წარმოადგენდეს. რუსეთმა იცის, რომ არსებობს ვაშინგტონის შეთანხმების მეხუთე მუხლი, რომლის თანახმადაც, ნატოს რომელიმე წევრზე აგრესიის შემთხვევაში, ყველა სხვა დანარჩენი ქვეყანა მის დასაცავად დადგება", - აღნიშნა რასმუსენმა და დასძინა, რომ ამ ლოგიკის გათვალისწინებით, ალიანსმა უნდა აამაღლოს თავისი სამხედრო თავშეკავების შესაძლებლობები საკუთარი თავდაცვის დამაჯერებლობის უზრუნველსაყოფად.
გენმდივნის განცხადებით, რუსეთმა უარი თქვა დასავლეთთან პარტნიორული ურთიერთობების განვითარებაზე. "დიდხანს ვეცადეთ რუსეთთან ურთიერთობის აწყობას, რომელიც პატივს სცემდა რუსეთის შეშფოთებას უსაფრთხოების მხრივ და დაფუძნებული იქნებოდა საერთაშორისო წესებზე. სამწუხაროდ, რუსეთმა უარი თქვა ჩვენ მისწრაფებაზე დიალოგისკენ და განაგრძო ნატოსა და დასავლეთის მტრად გამოცხადება. რუსეთმა შეარყია წესების სისტემა ეკონომიკისა და სამხედრო ზეწოლის გამოყენებით კონფლიქტების პროვოცირებისა და დესტაბილიზაციისთვის", - განაცხადა რასმუსენმა.
მისი თქმით, დასავლეთი დგას გამოწვევების წინაშე რუსეთიდან დაწყებული "ისლამური სახელმწიფოთი" დამთავრებული. რასმუსენის განცხადებით, ეს გამოწვევები დიდხანს არ დარჩება, რადგან ალიანსი მოწოდებულია დაიცვას ალიანსის ტერიტორია და მოსახლეობა ტერორიზმისა და ტირანიის საფრთხისგან. მისივე თქმით, ნატოს შეუძლია დაიცვას ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები არა მხოლოდ ალიანსის ტერიტორიაზე.