“ვფიქრობ, მთავრობის შიგნით პრობლემები არ არსებობს”

“ვფიქრობ, მთავრობის შიგნით პრობლემები არ არსებობს”

პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას შორის არსებულ ურთიერთობებს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.

როგორც ლიტვის ელჩმა განაცხადა, იმას, რასაც საქართველოში ხედავს, დემოკრატიული განვითარების ნიშანია.

“საქართველოს შიგნით მიმდინარე მოვლენებზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. ლიტვას როგორც პრეზიდენტის, ასევე პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციასთან ძალიან კარგი თანამშრომლობა აკავშირებს. ვფიქრობ, მთავრობის შიგნით პრობლემები არ არსებობს. ვუსურვებ საქართველოს, რომ ჰქონდეს დებატები, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში ბუნებრივია. რასაც საქართველოში ვხედავთ, ეს დემოკრატიული განვითარების ნიშანია”, - განაცხადა იონას პასლაუსკასმა.

შვეიცარიის კონფედერაციის ელჩმა კი აღნიშნა, რომ განსხვავებული სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირებაზე დებატები დამახასიათებელია ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყანისთვის, სადაც სისტემები იცვლება. 

“ვფიქრობ, ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში, სადაც ახალი ინსტიტუტებია, კონსტიტუციაა ან ადგილი აქვს სისტემის ცვლილებას, იქნება დებატებიც იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ფუნქციონირებს განსხვავებული სახელმწიფო ინსტიტუტები. ჩემი აზრით, რასაც ვხედავთ დემოკრატიული პროცესის ნაწილია”, - განაცხადა შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში გიუნტერ ბეხლერმა.