ხელისუფლების ინტერესია, რომ ზურაბ ჟვანიას თემით სპეკულირების საშუალება ჰქონდეს

ხელისუფლების ინტერესია, რომ ზურაბ ჟვანიას თემით სპეკულირების საშუალება ჰქონდეს

ხელისუფლების ინტერესია, რომ ჟვანიას თემა მუდმივად ჰაერში ჰქონდეს გამოკიდებული და ამ თემით სპეკულირების საშუალება ჰქონდეს , - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბარამიძემ ჟურნალისტებს განუცხადა და ჟვანიას საქმეზე დაკითხვა მოითხოვა.

როგორც ბარამიძემ აღნიშნა, ახალი ხელისუფლების პირობებში ჟვანიას თემით სპეკულირება ხელისუფლების მხრიდან მუდმივად ხდება, თუმცა მისთვის, როგორც ყოფილი პრემიერის თანაგუნდელისა და მეგობრისთვის, პროკურატურიდან შეკითხვები არ დაუსვამთ.

"2012 წლის არჩევნების შემდეგ ახალი ხელისუფლება მოვიდა ქვეყანაში. იმ დღიდან მოყოლებული ჩვენი მცდელობა და ამოცანაა, რომ იმ საქმეებს, რომლითაც სპეკულირებდა ჩვენი პოლიტიკური ოპონენტი, ნათელი მოეფინოს. ძალიან კარგად ვიცით, რომ ეს ბრალდებები არის შეთითხნილი, მაგრამ ხალხმა უნდა იცოდეს სიმართლე და ერთ-ერთი ასეთი საქმეა ჟვანიას საქმე – ჩვენი მეგობრისა და ლიდერის. როდესაც ჩევნი ოპონენტები, დღევანდელი ხელისუფლება ცდილობს, რაღაცნაირად მოგვცხოს ლაქა ბინძური ბრალდებებით, ჩვენი მოთხოვნა იყო და არის, რომ ეს საქმე იყოს დროულად გამოძიებული. ჩემთან მიმართებაში არაერთხელ უთქვამთ, რომ შეიძლება ბარამიძემ რაღაც იცის, მალავსო და ასე შემდეგ. მთელი ამ ხნის განმავლობაში კი, ჩემთვის პროკურატურიდან არაფერი უკითხავთ მიუხედავად იმისა, რომ არაერთხელ საჯაროდ მივმართე პროკურატურას და მოვითხოვე დაკითხვა. ისიც ვთქვი, რომ სადეპუტატო იმუნიტეტს არ გამოვიყენებ და თუ თქვენი ხელისუფლება ამ ბინძურ ჭორებს ავრცელებს, ის მაინც ინებეთ, რომ ფორმალურად დამკითხეთთქო, თუმცა ამ დრომდე რეაგირება არ მომხდარა. ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ პროკურატურას სიმართლე არ აინტერესებს. ხელისუფლების ინტერესი კი ის არის, რომ ეს თემა იყოს მუდმივად გამოკიდებული ჰაერში და მოახდინოს ამით სპეკულირება", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

მისი თქმთ, ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში დაკავებული კობა ხარშილაძის ადვოკატმა იგი უკვე დაკითხა.

"ჟვანიას დაცვის უფროსის ადვოკატმა მე უკვე დამკითხა და მას ვთხოვე, რომ დამკითხოს სასამართლოში. იქ, სადაც პროკურატურა იქნება, რათა მომეცეს საშუალება, ვისაუბრო ყველაფერ იმაზე, რაც ვიცი და საზოგადოებამ გაიგოს, რა გარემოებებში მოხდა ზურას გარდაცვალება და აქვს თუ არა საფუძველი იმ ბინძურ ბრალდებებს, რაზეც ამ ხნის განმავლობაში საუბრობენ ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.