ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსჰუმაცია ამ დრომდე არ ჩატარებულა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ჟვანიას საქმეზე დაკავებული სამედიცნო ექსპერტის , ლევან ჩაჩუას ადვოკატმა ზურაბ ტაბიძემ განუცხადა.
ადვოკატის თქმით, ექსუმაციის შესახებ დადგენილება დაცვის მხარეს არ მისვლია, რაც ნიშნავს, რომ პროცედურა არ ჩატარებულა.
ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ გარდა ძველი მასალებისა, მას მაისის შემდეგ, პროკურატურის მხრიდან არანაირი მტკიცებულებები არ მიუღია.
"ვიცი, რომ გვამის ექსჰუმაცია არ ჩატარებულა, რომ ჩატარებულიყო, მხარეებს გაგვაცნობდნენ დადგენილებას ექსჰუმაციის დანიშვნის შესახებ. ჩვენ არ მივიღებდით მონაწილეობას, მაგრამ უნდა გვცოდნოდა. რადგან არ გაგვცნობია, ნიშნავს, რომ არ ჩატარებულა", - განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება წინასასამართლო სხდომას, ადვოკატის თქმით, პროცესი ექსპერტ ჩაჩუას მაისში უნდა გამართულიყო, რამდენჯერმე გადადების შემდეგ კი, 22 სექტემბრისთვის არის ჩანიშნული.
"ძველის გარდა, პროკურატურას არანაირი მტკიცებულება ამ ხნის განმავლობაში არ გადმოუცია. თუ კიდევ არ გააგრძელეს საგამოძიებო ვადა, მათ კიდევ 2 დღე აქვთ ამისთვის და ველოდები ან დღეს ან ხვალ, ინფორმაციას", - განაცხადა ზურაბ ტაბიძემ.
ადვოკატი აპირებს, რომ წინასასამართლო სხდომაზე დააყენოს შუამდგომლობა ლევან ჩიჩუას საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის შესახებ.
ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში, ბრალდებულია სამი პირი - ჟვანიას დაცვის ცვლის უფროსი მიხეილ ძაძამია, დაცვის უფროსი კობა ხარშილაძე და ექსპერტი ლევან ჩაჩუა. სამივე მათგანი პატიმრობაშია.
ახალი ხელისუფლების პირობებში, ჟვანიას გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პროკურატურაში განაცხადეს, რომ არ არის გამორიცხული, ზურაბ ჟვანიას ცხედარს ექსჰუმაცია ჩაუტარდეს.