ყველას აქვს თავისი ბოსტანი და არავინ არავის ბოსტანში არ უნდა გადადიოდეს, - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა საქართველოს პრეზიდენტისა და მთავრობის მეთაურის ურთიერთობასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს არასოდეს არ გადაულახავს საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში და არ ჩარეულა არც მთავრობის და არც პარლამენტის უფლებამოსილებაში.
"ყველას აქვს თავისი ბოსტანი და არავინ არავის ბოსტანში არ უნდა გადადიოდეს. გავიხსენებ ყველასთვის ცნობილ ასოცირების ხელშეკრულებას, რაც გიორგი მარგველაშვილმა ნებაყოფლობით დათმო, თუმცა შემდეგ წამოვიდა კომენტარები, რომ აღნიშნული არავის არაფერში არ სჭირდებოდა და ჩემი აზრით, ეს არასწორია", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.
მისივე თქმით, გადაჭარბებული ძალაუფლება არავის არგებს. ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ დემოკრატიის მყარი პრინციპები არის ძალაუფლების გადანაწილება.
"სწორედ ამ ფასეულობის ერთგულია გიორგი მარგველაშვილი. პრეზიდენტი ამბობს, რომ ის არ გახდება მარიონეტი. მას რეალურადაც აქვს ძალიან ბევრი უფლება", – აღნიშნა გია ხუხაშვილმა.
მისივე განცხადებით, რაც შეეხება გიორგი მარგველაშვილის ოპოზიციონერად გამოცხადებას, ეს სისულელეა.
"როდესაც გიორგი მარგველაშვილის "ნაციონალებთან" კავშირზე საუბრობენ, ჩემი აზრით, ეს აბსურდია. მან მთელი თავისი საქმიანობა მიმართა სააკაშვილის რეჟიმის დემონტაჟისკენ და დღეს სწორედ ამ კუთხით აგრძელებს ბრძოლას", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.