საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, გაერო-ში საქართველოს ორი დელეგაციის ყოფნა პარტნიორი ქვეყნებისთვის გასაკვირი იქნებოდა , - ამის შესახებ თეა წულუკიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოდან ორი დელეგაციის გამგზავრებასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.
მისივე განმარტებით, პრემიერ-მინისტრი არის მინისტრების ხელმძღვანელი, მთავრობის მეთაური. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მთავრობა გაზაფხულიდან მოყოლებული მუშაობს, რომ გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს სახელით სიტყვით გამოვიდეს სამთავრობო დელეგაცია პრემიერის მეთაურობით და გამართოს ყველა ის დამატებითი შეხვედრა პარტნიორ ქვეყნებთან, რომელიც შეიძლება მთავარი ღონისძიების პარალელურად იქ იმართებოდეს.
"მე ვფიქრობ, რომ გეგმა, რომელიც აქვს საქართველოს მთავრობას, რომ საქართველოს სახელით იქ წარდგეს, ამ გეგმის განხორციელებას როგორც იყო თავიდან დაგეგმილი უნდა ხელმძღვანელობდეს და ბოლომდე უნდა მიიყვანოს პრემიერმა. ეს არის მთავრობის მოვალეობა, მთავრობის მისია, ხოლო მთავრობის მისიას ხელმძღვანელობს პრემიერი, რომელიც იქ უნდა ჩავიდეს. ორი დელეგაციის იქ ყოფნა ძალიან რბილად ვიტყვი, გასაკვირი იქნებოდა ბევრი ჩვენი პარტნიორი ქვეყნისათვის, გაეროსთვის. ის, რაც არის გასაკვირი, რომ არ ვთქვა საქილიკო- მეთქი, რა თქმა უნდა, ზიანს აყენებს ქვეყნის იმიჯს", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.