ვეთანხმები ბატონ ბიძინას, რომ სასჯელაღსრულებაში გაცემული უზარმაზარი, მე ვიტყოდი სამარცხვინო პრემიები არის პრობლემა , - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა იმ ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა, რომლის თანახმადაც, ბიძინა ივანიშვილი მოქმედი მთავრობის ყველაზე დიდ გადაცდომად მაღალი პრემიების გამოწერას მიიჩნევს.
თეა წულუკიანის განცხადებით, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის სერიოზული ძალისხმევისა და ყურადღების შედეგია, რომ ამგვარი თვითნებური პრემიების გაცემას, რაც მინისტრის ხელფასის რვამაგი და ცხრამაგი ოდენობა იყო, მომავალში ვერასდროს ვერავინ გაბედავს.
"დიახ, ეს იყო პრობლემა პირველი და უკანასკნელი. ამის შემდეგ მთავრობაში პრემიერის ინიციატივით ჩვენ შევიმუშავეთ პრემირების ახალი წესები, რომელსაც ყველა საჯარო მოხელე, შუა თუ მაღალი რგოლის მენეჯერი, მინისტრები ძალიან დიდი ზედმიწევნითა და ყურადღებით იცავენ", - აღნიშნა თეა წულუკიანმა.
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი მოქმედი მთავრობის ყველაზე დიდ გადაცდომად "ძალიან მაღალი პრემიების გამოწერას" მიიჩნევს. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს და განმარტავს, რომ ის, რაც ამ კუთხით სასჯელაღსრულების სამინისტროში მოხდა, მისთვის "ძალიან სტრესული" იყო.
"ჩემს წინა გამოსვლებში მე ყოველთვის აღვნიშნავდი იმ გადაცდომებს, რაც მთავრობაში იყო და მათზე ვაკეთებდი რეაქციას. იქვე აღვნიშნავდი, რომ საზოგადოება უკვე კარგად ერკვევა და სრულფასოვანი კონტროლი მიდის, თუმცა კონტროლის ხარისხის დახვეწაა საჭირო და ამას საზოგადოება ახერხებს ძალიან კარგად. ყველაზე დიდ გადაცდომად მე ვთვლი ძალიან მაღალი პრემიების გამოწერას და ის, რაც მოხდა სასჯელაღსრულების სამინისტროში, ჩემთვის იყო ძალიან სტრესული და არ მომეწონა. ყველაზე სერიოზულ გადაცდომად მე ამას ვთვლი და საზოგადოებაშიც, მე მგონი, ეს თემა დარჩა", - აცხადებს ივანიშვილი.