აშშ-ის პრეზიდენტის ბარაქ ობამას განცხადებით, უყოყმანოდ მიიღებს ზომებს "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკების წინააღმდეგ სირიასა და ერაყში. ინფორმაციას ამის შესახებ "ბიბისი" ავრცელებს.
როგორც ბარაქ ობამამ აშშ-ის მოსახლეობისადმი სატელევიზიო მიმართვაში განაცხადა, ნებისმიერი დაჯგუფება, ვინც ამერიკას დაემუქრება, ვერასდროს იპოვის თავშესაფარს.
"ჩვენ ყველგან მივწვდებით ტერორისტებს, რომლებიც ქვეყანას ემუქრებიან, სადაც არ უნდა იყვნენ. ეს ნიშნავს, რომ უყოყმანოდ ვიმოქმედებ "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სირიაში ისევე, როგორც ერაყში", - განაცხადა ბარაქ ობამამ.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, აშშ არა მხოლოდ სამხედრო, არამედ დიპლომატიურ ნაბიჯებსაც გადადგამს ჯიჰადისტების პოზიციების მაქსიმალურად შესამსუბუქებლად.
"ჩვენი ამოცანა ნათელია: შევასუსტებთ და საბოლოოდ გავანადგურებთ "ისლამურ სახელმწიფოს" სრულყოფილი და მტკიცე კონტრ-ტერორისტული სტრატეგიის საშუალებით", - აღნიშნა ბარაქ ობამამ სატელევიზიო მიმართვისას, რომელიც 15 წუთს გაგრძელდა.
"ბიბისი"-ს ცნობით, პრეზიდენტ ობამას "ისლამური სახელმწიფოს" საწინააღმდეგო სტრატეგია ასე გამოიყურება - სისტემური ავიაშეტევები "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკების პოზიციების მიმართულებით, სადაც არ უნდა იყვნენ, მათ შორის, სირიაში; "ისლამური სახელმწიფოს" ოპოზიციის ძალების და არა ბაშარ ალ-ასადის მხარდაჭერის გაძლიერება; უფრო მეტი კონტრტერორისტული ზომების მიღება დაჯგუფების დაფინანასების არხების გადასაჭრელად; "ისლამური სახელმწიფოს" ბოევიკებისგან დაზარალებული მშვიდობიანი მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების გაგრძელება.
როგორც ბარაქ ობამამ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა ერაყში 475 ამერიკელი სამხედრო პერსონალი გაიგზავნება, მაგრამ ისინი მონაწილეობას არ მიიღებენ საბრძოლო მოქმედებებში.