ირაკლი ჩიქოვანი:  არჩეული პირი მთავრობის კონკურენტი არ უნდა იყოს

ირაკლი ჩიქოვანი: არჩეული პირი მთავრობის კონკურენტი არ უნდა იყოს

აუცილებელია თანმხვედრი მუშაობა და არა - კონკურენცია, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჩიქოვანი ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებას, რომ გიორგი მარგველაშვილი მთავრობას კონკურენტად აღიქვამს და უნდა, მას ხელი შეუშალოს.

როგორც ჩიქოვანმა განაცხადა, არ მიიჩნევს, რომ რომელიმე სახელმწიფო ინსტიტუტი ან არჩეული პირი უნდა იყოს მთავრობის კონკურენტი, ვინაიდან ეს გუნდი არის ზუსტად ის გუნდი, რომელმაც უზრუნველყო "ნაციონალური მოძრაობის" დამარცხება და ერთად მოვიდნენ ხელისუფლებაში.

"მე მივიჩნევ, რომ აუცილებელია თანხვედრი მუშაობა და არა - კონკურენცია და ამან ხელი უნდა შეუწყოს ქვეყნის განვითარებას", - აღნიშნა დეპუტატმა.

მისივე თქმით, არ მიიჩნევს სწორ დამოკიდებულებად, როდესაც არჩეული პირი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა სამთავრობო გუნდის დახმარებით, ეწინააღმდეგებოდეს და კონკურენციას უწევდეს მთავრობას.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობას, როგორც "კონკურენტს" განიხილავს და "უნდა, მას ხელი შეუშალოს". ამის შესახებ ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს და აღნიშნავს, რომ ეს საბოლოო ჯამში ქვეყანას აზიანებს. ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ ამას პრეზიდენტი მარგველაშვილი უნდა მიხვდეს.

ბიძინა ივანიშვილი ასევე გამოეხმაურა გაერო-ში გასამგზავრებელი დელეგაციის საკითხს. ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ საქართველო უკვე საპარლამენტო რესპუბლიკაა და კითხვა, თუ ვინ უნდა წავიდეს გაერო-ში, არ არსებობს.

"ვნახეთ სია, ვინ ჩავა და გაერო-ს სხდომას ვინ დაესწრება საპარლამენტო რესპუბლიკებიდან. როგორც წესი, იქ პრემიერები იქნებიან წარმოდგენილები. კითხვა არ არსებობს. ისევ მიდის თანაბარი შედარება და ფონი, უფრო მეტად ისეთია, თითქოს აშავებს პრემიერი და ჩაგრავს პრეზიდენტს, ამ დროს კი, ორჯერ ორი ოთხია - რა თქმა უნდა, იქ წავა მერკელი, რა თქმა უნდა იქ წავა ნეთანიაჰუ, რა თქმა უნდა, იქ წავა ინგლისის პრემიერი და ა.შ – შეიძლება მხოლოდ ერთი ორი გამონაკლისი იყოს, როცა პრემიერმა ვერ მოიცალა და გადასცა ეს უფლება პრეზიდენტს. ასეთია კონსტიტუცია საპარლამენტო რესპუბლიკაში. ის შეხვედრა, საიდანაც ამან მოწვევა მიიღო, დაბალი დონის შეხვედრაა. სხვათაშორის, კლიმატის გაუმჯობესების სამიტზე შარშან ფანჯიკიძე იყო მიწვეული, თუმცა მასაც წასვლა არ სდომებია - ზალკალიანი უნდა წასულიყო, თუმცა, საბოლოოდ, წავიდა ფანჯიკიძე იმიტომ, რომ სხვა საქმეებიც ჰქონდა, მაგრამ არავის უფიქრია, რომ ჩემთვის ეთქვა ან პრეზიდენტი წასულიყო. ეს არის რეალობა", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ყოფილი პრემიერის განმარტებით, ამის მიუხედავად "ეს კაცი" (პრეზიდენტი) "კონკურენციას აგრძელებს, მაშინ როცა "ერთი ღარიბი ქვეყნიდან აშშ-ში წასვლა ლამაზი არ იქნება".