პასპორტების, პირადობისა და მართვის მოწმობების გაყალბების ბრალდებით ასი პირია დაკავებული, მათ შორის სამი ქართველია, ისინი გერმანიაში აიყვანეს.
ჯგუფის წევრებს სპეცოპერაციის დროს პირადობის დამადასტურებელი ყალბი მოწმობები აღმოაჩნდათ.
გამოძიების ინფორმაციით, საბუთები, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის ბეჭედი ჰქონდა, ძირითადად საქართველოს მოქალაქეებისთვის იყო განკუთვნილი და ამ მოწმობებით ქართველები სხვადასხვა ქვეყანაში უპრობლემოდ გადაადგილდებოდნენ და მუშაობდნენ.
სპეცოპერაცია ერთდროულად საფრანგეთში, შვედეთში, საბერძნეთში, პორტუგალიაში, ესპანეთში, ავსტრიასა და გერმანიაში ჩატარდა.
ინფორმაცია გერმანულ მედიას ბაიერნის კრიმინალურმა განყოფილებამ მიაწოდა.
ქართველების დაკავების შესახებ ბერლინში საქართველოს საელჩომ ადგილობრივი მედიიდან შეიტყო. ქართველი დიპლომატები ინფორმაციის გადამოწმებას გერმანელ სამართალდამცველებთან ცდილობენ.
“ეს დოკუმენტები დალუქული სახით ფოსტით საშუალებით იგზავნებოდა, თანხას ყველა პირი წინასწარ იხდიდა. ერთობლივი მუშაობით შევძელით დაგვედგინა, სად მიდიოდა ეს გზავნილები. დოკუმენტები ევროპის მასშტაბით სულ 300-ზე მეტ ადგილზეა გაგზავნილი. საბუთების გაყალბება იმდენად ხარისხიანად ხდებოდა, რომ მის ამოცნობას ჩვეულებრივი პოლიციელი შემოწმების დროს ვერ შეძლებდა. ადამიანებს, რომლებიც ამ დოკუმენტებით სარგებლობდნენ, მარტივი მიზანი ჰქონდათ – მათთვის მთავარი იყო, ქვეყანაში ლეგალური დარჩენის უფლება ჰქონოდათ, თუმცა ისინი ამ დოკუმენტაციით საზღვრების გადაკვეთას ვერ შეძლებდნენ”, - განაცხადა ბაიერნის კრიმინალური განყოფილების დირექტორმა ტორსტე ვიტკემ.