არასდროს არ გავაკეთებ იმას, რაც დააზიანებს ქვეყნის ინტერესს და გაახარებს

არასდროს არ გავაკეთებ იმას, რაც დააზიანებს ქვეყნის ინტერესს და გაახარებს "ნაციონალურ მოძრაობას"

რამდენიმე ხანია, მთავრობასა და პრეზიდენტს შორის თანამშრომლობა გართულებულია, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების კომენტირებისას განუცხადა, რომლის თანახმადაც, გიორგი მარგველაშვილი მთავრობას განიხილავს, როგორც კონკურენტს და უნდა, მას ხელი შეუშალოს.

თეა წულუკიანის თქმით, თავად, როგორც კოალიცია "ქართული ოცნების" წევრი, არასოდეს გააკეთებს იმას, რაც ქვეყნის ინტერესებს დააზიანებს.

"რა თქმა უნდა, რამდენიმე ხანია, თანამშრომლობა მთავრობასა და პრეზიდენტს შორის არის გართულებული. მე ვიცი ერთადერთი, რომ მე პირადად არასდროს, ჩემი მინისტრად თუ სხვა პოზიციაზე ყოფნისას, როგორც "ქართული ოცნების" კოალიციის წევრი, არ გავაკეთებ იმას, რაც დააზიანებს ქვეყნის ინტერსესს, არასდროს არ გავაკეთებ იმას, რაც შეიძლება ხელს უწყობდეს, ახარებდეს "ნაციონალურ მოძრაობას", -აღნიშნა თეა წულუკიანმა.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის აზრით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობას, როგორც "კონკურენტს" განიხილავს და "უნდა მას ხელი შეუშალოს". ამის შესახებ ივანიშვილი გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს და აღნიშნავს, რომ ეს საბოლოო ჯამში ქვეყანას აზიანებს. ყოფილი პრემიერი მიიჩნევს, რომ ამას პრეზიდენტი მარგველაშვილი უნდა მიხვდეს.

"ინაუგურაციის მეორე თუ მესამე დღესვე, როცა სიტუაციის დალაგება დავიწყეთ და გაუგებრობაში აღმოვჩნდით, ჩვენი პოლემიკის ერთ-ერთი საგანი გახლდათ პრეზიდენტ მარგველაშვილის პოზიცია, რომ ის კონკურენციაში უნდა იყოს მთავრობასთან და პარლამენტთან. ჩვენ ამაზე ძალიან ბევრი დრო დავხარჯეთ და ეს ჩემთვის იყო გაუგებარი. მე მას ვეუბნებოდი, რომ ეს პოზიცია არ არის სწორი, თქვენ უნდა მოხვიდეთ ერთ გუნდად, "ქართული ოცნების" გუნდი გეხმარებოდა მთელი არჩევნების განმავლობაში, მხარს გიჭერდა, ჯერ არაკორექტულია და მეორეც, კონკურენცია დაგაზარალებთ. თქვენ კონკურენტი გყავთ უმუშევრობის, უამრავი, მათ შორის ტერიტორიული პრობლემის, საგარეო პოლიტიკის და ა.შ. სახით, რომ ეს არის თქვენი კონკურენტი. ხელი-ხელს ჩაკიდეთ, ერთად უნდა იმუშაოთ და არ უნდა იყოს კონკურენცია. საბოლოოდ, მე ჩემს აზრზე დავრჩი, მას კი თავისი აზრი არ შეუცვლია. მის ყველა ქმედებაში განა მარტივი დასანახი არ არის, რომ (ეს სიტყვა არ მინდა ვიხმარო, მაგრამ) კონკურენტს ებრძვის, კონკურენტთან აქვს საქმე და უნდა ხელი შეუშალოს. ამით, საბოლოო ჯამში, ქვეყანას ეშლება ხელი და ამას უნდა მიხვდეს პრეზიდენტი მარგველაშვილი", - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი

ამასთან, ყოფილი პრემიერი ამბობს, რომ მისთვის პრეზიდენტის ქმედებები გაუგებარია.

"რა შუაშია მთავრობა იმაში, რომ ის პრეზიდენტის სასახლეში შევიდა და გუნდის არც ერთ წევრს არ კითხა მაშინ, როცა იცოდა მათი უარყოფითი განწყობა, თვითონაც უარყოფითი განწყობა ჰქონდა. ვეტოს დადება ძლივს გადაიფიქრა კანონპროექტზე, რომელიც წაკითხული არ ჰქონდა და პროკურატურას "გრიფი" მთელი თვე არ მოუხსნა, სანამ არ გასაჯაროვდა. რა შუაშია აქ მთავრობა? ის, რომ ერთი თვე არ ხსნი გრიფით "საიდუმლოს" ელემენტარულ საბუთს და, ამავდროულად, აცხადებ, რომ კონკურენციაში გინდა იყო ხელისუფლებასთან, ეს საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა აზარალებს ქვეყანას", - აღნიშნავს ივანიშვილი.

ყოფილ პრემიერ-მინისტრთან ინტერვიუს სრული ვერსია გაზეთ "კვირის პალიტრის" ორშაბათის ნომერში გამოქვეყნდება.