„ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის კუთხით ვერავინ ვერაფერს იზამს“

„ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის კუთხით ვერავინ ვერაფერს იზამს“

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია გამართულად მუშაობს.

ასე გამოეხმაურა პეტრიაშვილი შინაგან საქმეთა მინისტრის ალექსანდრე ჭიკაიძის განცხადებას, რომელიც მან გაზეთ „ალიასთან“ ინტერვიუში გააკეთა და აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის ემზადება.

„ჩემს კოლეგას ლექსო ჭიკაიძეს, როგორც ჩანს, ასეთი ვარაუდის გამოთქმის საფუძველი აქვს. მე შემიძლია გითხრათ, რომ ვერავინ ვერაფერს ვერ შეძლებს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობის კუთხით, ვინაიდან ქვეყანაში ყველა ინსტიტუცია გამართულად მუშაობს. განსაკუთრებით, მადლობა მინდა გადავუხადო შს სამინისტროს პირად შემადგენლობას და მის ხელმძღვანელს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანაში სტაბილურობა და უსაფრთხოება იყოს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.

მინისტრი ასევე სპეციალურ საპოლიციო კონტროლის თემასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ამ კონტროლს მიესალმება.

„რა თქმა უნდა, ეს უნდა ჩატარდეს ადამიანის უფლებათა დაცვის სრული უზრუნველყოფით, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენი პოლიციელების მხრიდან უსაფრთხოების მიზნით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებას ორი ხელით ვუჭერ მხარს“, - განაცხადა პეტრიაშვილმა.