რეცეპტის სისტემა

რეცეპტის სისტემა

გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ აღიარა, რომ რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების სიის გაფართოება მოუმზადებლად და არაკვალიფიცურად მოხდა. შესაბამისად, მან პირობა დადო, რომ რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების სია გადაიხედება და წამლების ნაწილის გაყიდვა ურეცეპტოდ მოხდება.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დიდი ხნის განმავლობაში აფრთხილებდა მინისტრ სერგეენკოს, რომ რეცეპტის სისტემის ასე გაუაზრებლად გაფართოება თვითმკურნალობისა და მედიკამენტების უკონტროლო მოხმარების მაჩვენებელს ვერ შეამცირებდა. საზოგადოების მწვავე რეაქციამ ამ გაუაზრებელ რეფორმაზე ჯანდაცვის მინისტრი აიძულა, უკან დაეხია.

ჩვენ დაველოდებით მინისტრ სერგეენკოს მიერ გუშინ დადებული პირობის კონკრეტულ შედეგებს, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გადაწყვეტილებები სწრაფადაა მისაღები. უამრავ პენსიონერს, სოციალურად დაუცველს, ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანს უკვე შეექმნა სერიოზული პრობლემები.

რეცეპტით გასაცემი მედიკამენტების სიის გადახედვის გარდა, ჩვენ კიდევ ერთი წინადადებით მიმვამრთეთ ჯანდაცვის მინისტრს. კერძოდ, იმ მედიკამენტებზე, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტრო რეცეპტით გასაცემთა სიაში დატოვებს, სამინისტრომ უნდა აამოქმედოს პროგრამა, რომლითაც ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებსა და სოციალურად დაუცველებს სრულად დაუფინანსებს მოხმარებული მედიკამენტების ხარჯს.

აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნებში, სადაც რეცეპტის სისტემა არსებობს, რეცეპტით ადამიანები მედიკამენტებს უფასოდ ან მნიშვნელოვანი შეღავათებით იღებენ. თუ მინისტრი სერგეენკო რეცეპტის სისტემას აფართოებდა, მაშინ მედიკამენტების საფასურის გადახდაში მოსახლეობას სახელმწიფო უნდა დახმარებოდა. საყოველთაო ჯანდაცვა კი მედიკამენტებს საერთოდ არ აფინანსებს.

ამ ცვლილების გარეშე "რეცეპტის რეფორმაც", თუნდაც შემცირდეს ჩამონათვალი, ისეთივე დამანგრეველი აღმოჩნდება ჯანდაცვის სისტემისათვის, როგორც ეს საყოველთაო ჯანდაცვა აღმოჩნდა.