პეტრიაშვილს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტის გამგზავრება მიზანშეწონილად არ მიაჩნია

პეტრიაშვილს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე პრეზიდენტის გამგზავრება მიზანშეწონილად არ მიაჩნია

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრქუტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით , მას მიზანშეწონილად არ მიაჩნია გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის გამგზავრება.

როგორც ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა, ის ფიქრობს ანალოგიურად, რა გადაწყვეტილებაც მიიღო მთავრობამ გაერო-ში დელეგაციის გამგზავრებასთან დაკავშირებით.

"საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს პრემიერ-მინისტრი, ის გამოვა სიტყვით გენერალურ ასამბლეაზე. გენერალური ასამბლეა არის მთავარი ღონისძიება. მე მიმაჩნია რომ საქართველოს დელეგაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ერთი დელეგაციით, ხელმძღვანელი კი იქნება პრემიერი. საქართველოს პრეზიდენტის გამგზავრება ამ ღონისძიების ფარგლებში არ მიმაჩნია სწორად და მიზანშეწონილად, იმიტომ, რომ ეს დააზიანებს ჩემი ქვეყნის საგარეო იმიჯს", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

აქედან გამომდინარე, პეტრიაშვილი მიიჩნევს, რომ გაერო-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნდა წავიდეს. როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, ის პატივს სცემს კონსტიტუციას, პრეზიდენტის ინსტიტუტს, მაგრამ კიდევ უფრო მეტად სცემს პატივს ქვეყანას და უფრთხილდება მის საერთაშორისო იმიჯს.

"ვისურვებდი, რომ ასევე მოიქცეს პრეზიდენტი", - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე დღეს დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან გეგმავს შეხვედრას, სადაც საკუთარ პოზიციას გააცნობს, თუ რატომ არ უნდა გაემგზავროს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოდან ორი დელეგაცია.

ამასთან, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე და კლიმატის ცვლილებების სამიტზე პრემიერისა და პრეზიდენტის გამგზავრების საკითხის კომენტირებისას პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" გუშინ განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი წავა და იქნება ამერიკაში.