ალექსანდრე ჭიკაიძეს საპოლიციო საქმიანობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს

ალექსანდრე ჭიკაიძეს საპოლიციო საქმიანობის ძალიან დიდი გამოცდილება აქვს

შინაგან საქმეთა მინისტრს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდაა, აქვს საპოლიციო საქმიანობის ძალიან დიდი გამოცდილება , – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" განაცხადა.

მისი თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს ძალიან კვალიფიციური, კომპეტენტური ხალხი. "მათი მოტივაციაც ძალიან კარგად ვიცი. აქედან გამომდინარე მაქვს შინაგანი რწმენა, რომ მოკლე პერიოდში გარკვეული გარდატეხაც იქნება კრიმინალთან ბრძოლის კუთხით მიღწეული. შინაგან საქმეთა მინისტრს, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ახალგაზრდაა, აქვს ძალიან დიდი გამოცდილება საპოლიციო საქმიანობის. ის იყო წარმატებული პოლიციელი და ვიცი, რომ მისი მოტივაციაც არის ძალიან დიდი, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად მოხდეს კრიმინალთან ბრძოლის გაგრძელება. მე, როგორც მთავრობის ერთ-ერთი წევრი, სრულად ვუჭერ მას მხარს და მომავალშიც ჩვენი თანამშრომლობა იქნება ძალიან ეფექტური, რადგან ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროების სტრუქტურების ჰარმონიულ თანამშრომლობას. ბოლო პერიოდში ძალიან შემაშფოთებელი კრიმინალური აქტები იქნა ჩადენილი და ვიცი რამხელა სერიოზულობით, პასუხისმგებლობით ეკიდება მინისტრი ჭიკაიძე ამ საქმეების გამოძიებას. ამ უწყებაში ძალიან კვალიფიციური ხალხი მუშაობს და დარწმუნებული ვარ გაართმევენ ამ ამოცანებს თავს. დავამატებ ერთს, რომ მხოლოდ პოლიცია საზოგადოებრივ წესრიგის დაცვას ვერ გაწვდება, საჭიროა საზოგადოების ჩართულობა",-განაცხადა ირაკლი ალასანიამ.