გაერო-ში საქართველოს ერთი დელეგაცია უნდა წარმოადგენდეს და ეს უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი

გაერო-ში საქართველოს ერთი დელეგაცია უნდა წარმოადგენდეს და ეს უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი

მეც, როგორც გარკვეული გამოცდილების მქონე დიპლომატი, რომელიც ვმუშაობდი გაერო-ში, მივიჩნევ, რომ იქ ერთი დელეგაცია უნდა წარმოადგენდეს ქვეყანას და ეს უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" შესაბამის საკითხზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის შეფასებით, აშშ-ში ორი დელეგაციეს გამგზავრება უხერხულობას აუცილებლად შექმნის. "თავდაცვის მინისტრი ვერ იტყვის, ვინ უნდა წავიდეს დელეგაციაში და ვინ არა, მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ – მთავრობაში გადაწყვეტილება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ მივიღეთ, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია გაეროს მუშაობაში მონაწილეობა მიიღოს პრემიერ-მინისტრმა და სამთავრობო დელეგაციამ. მეც, როგორც გარკვეული გამოცდილების მქონე დიპლომატი, რომელიც ვმუშაობდი გაეროში, ვთვლი, რომ ერთი დელეგაცია უნდა წარმოადგენდეს ქვეყანას და ეს უნდა იყოს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ თუკი გადაწყდება, რომ მეორე დელეგაციაც გაემგზავრება და ეს გარკვეულ უხერხულობას აუცილებლად შექმნის, მაშინ უნდა იყოს მკაფიო შეთანხმება გზავნილებზე, რა გზავნილებსაც დელეგაცია მიაწოდებს გაეროს თუ სხვა ორგანიზაციებს, სადაც შეხვედრები იქნება", - განაცხდა თავდაცვის მინისტრმა.

რაც შეეხება უშუალოდ შეკითხვას, რა ურთიერთობა აქვს ირაკლი ალასანიას გიორგი მარგველაშვილთან, თავდაცვის მინისტრის თქმით, პრეზიდენტი ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალია და გამომდინარე აქედან თავდაცვის უწყებას მასთან ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული ურთიერთობები გააჩნია. "ვერ გეტყვით, სხვა უწყებებთან ეს როგორაა ჩამოყალიბებული, მაგრამ ნატოს სამიტზე ყველა სამთავრობო უწყება და პრეზიდენტი ერთიანი ჩანაფიქრით ვმუშაობდით და შედეგიც გამოჩნდა", - დასძინა ალასანიამ.