გიორგი მარგველაშვილი:  საქართველოს პრეზიდენტი წავა ამერიკაში

გიორგი მარგველაშვილი: საქართველოს პრეზიდენტი წავა ამერიკაში

საქართველოს პრეზიდენტი წავა და იქნება ამერიკაში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-ის გადაცემა "არჩევანში" იმ თემის კომენტირებისას განაცხადა , რომელიც გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და კლიმატის ცვლილებების სამიტზე პრემიერისა და პრეზიდენტის გამგზავრებას უკავშირდება.

მარგველაშვილის თქმით, ამერიკაში მის ვიზიტთან დაკავშირებით ინტენსიური მუშაობა გრძელდება. "ძალიან მნიშვნელოვანია ყველას შევახსენოთ, რომ საგარეო პოლიტიკურ კურსს, კონსტიტუციის მიხედვით, აყალიბებს პარლამენტი. მეც, მათ შორის, პარლამენტის მიერ მიღებული კურსის ფარგლებში ვმოქმედებ.

ჩვენ ვმუშაობთ ინტენსიურად. რაღაც სირთულეები კომუნიკაციაში არის, ეს ნორმალურია, ახალი კონსტიტუციაა, ხდება მისი მოთელვა, როლების მოთელვა - ეს ნორმალურია, მაგრამ საქართველოს პრეზიდენტი წავა და იქნება ამერიკაში", - განაცხადა მარგველაშვილმა და აღნიშნა, რომ ის პრემიერ-მინისტრსაც წარმატებულ ვიზიტს უსურვებს გაეროში.

"ძალიან ეფექტურ ვიზიტს ვუსურვებ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო იყოს ღირსეულად წარმოდგენილი. დარწმუნებული ვარ, რომ პრემიერი და აღმასრულებელი გუნდი ეფექტურად იმუშავებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტს ინსტიტუტის უფლებამოსილებები შევკვეცოთ, ეს არ იქნება კარგი",-განაცხადა პრეზიდენტმა.

კითხვაზე, შეძლებს თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტის გადარწმუნებას გაეროში ვიზიტთან დაკავშირებით, მარგველაშვილი აცხადებს, რომ ის მოისმენს ყველა არგუმენტს ამ მიმართულებით, თუმცა მიიჩნევს რომ როდესაც პრეზიდენტი იღებს თავის სახელზე მოპატიჟებას, პრეზიდენტის საქმეა უპასუხოს ამ წერილს.

"ყოველთვის საინტერესოა მინისტრებთან საუბარი. მე დიდი სიამოვნებით მოვისმენ ყველა არგუმენტს, რომელიც იქნება ამ მიმართულებით წამოწეული. მაგრამ მინდა ჩემი პირდაპირი მოვალეობის ჭრილში განვიხილო ეს თემა - მგონია რომ როდესაც პრეზიდენტი იღებს თავის სახელზე მოპატიჟებას, პრეზიდენტის საქმეა უპასუხოს ამ წერილს და არა სხვა უწყებების საქმე, რომ უპასუხონ ასეთი ტიპის მიმოწერას. იმიტომ რომ პრეზიდენტს გააჩნია შესაბამისი უნარი წერილის დაწერის, პასუხის გაცემის. ასეთი დარწმუნებაც მისაღებია, მაგრამ ასეთი დარწმუნება უნდა მოხდეს მანამდე სანამ თქვენ გასცემთ პასუხს",-განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით მისგან წასულ კომუნიკაციას არ აქვს შესაბამისი მხარდაჭერა საგარეო საქმეთა სამინისტროდან. კითხვაზე ამასთან დაკავშირებით უნდა დადგეს თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი, მარგველაშვილმა განაცხადა რომ "ასეთი დრამატული განხილვის მომხრე" არ არის.

"ძალიან მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ყველა უწყება, რომელიც საქართველოში ფუნქციონირებს, ნებისმიერი სამინისტრო, არის არა მთავრობის სამინისტრო, არამედ სახელმწიფოს, საქართველოს სამინისტრო. შესაბამისად, რა ვალდებულებებიც ამ სამინისტროებს გააჩნიათ, გააჩნიათ არა მთავრობის, არამედ ზოგადად გააჩნიათ ვალდებულებები. მათ შორის პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობების ეფექტური კომუნიკაციის. სახელმწიფოს მეთაური არის პრეზიდენტი. შესაბამისად, თუ პრეზიდენტი აგზავნის წერილს, ეს წრილი უნდა მივიდეს დროზე, თუ პრეზიდენტს უგზავნიან წერილს ეს წერილი უნდა მოვიდეს დროზე. თუ ერთიანი პოზიციაა ჩამოსაყალიბებელი, ვინ სად წავა, ასეთი ერთიანი პოზიცია კონსულტაციებით ყალიბდება. ეს არის ის ჭეშმარიტებები, რომლებიც რაღაც მომენტში შეიძლება დავიწყდებულ იქნას. ჩემი ვალდებულება, გამომდინარე იქიდან, რომ ვარ პრეზიდენტი და კონსტიტუციის გარანტი, არის შევახსენო ყველას თავისი კონსტიტუციური სტატუსი. მიმაჩნია, რომ ის განცხადებები, რომელიც გაკეთდა, მთლად არ ასახავს კონსტიტუციურ რეალობას",-განაცხადა მარგველაშვილმა