“მომწონს, რომ პრემიერი ღელავს და დარდობს იმ იმიჯზე, რომელიც შსს-ს აქვს”

“მომწონს, რომ პრემიერი ღელავს და დარდობს იმ იმიჯზე, რომელიც შსს-ს აქვს”

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადაცემა “არჩევანში” ქვეყანაში არსებულ კრიმინოგენურ ვითარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ თემის სტატისტიკის ჭრილში განხილვა მიზანშეწონილი არ არის.

“ეს თემა ჩვენ სტატისტიკურ ჭრილში არ უნდა განვიხილოთ, იმიტომ რომ ის არის ოჯახები, რომელთაც ტკივილი მიადგათ, რომელთაც თავი იგრძნეს დაუცველად. ბოლომდე ვიზიარებ მათ ტკივილს და იმ კოშმარს, რაც ბევრმა მათგანმა გადაიტანა. სტატისტიკით ვერ უმკურნალებ იმ ტკივილს, რომელიც მათ მიადგათ. ხშირად ეს არის აუნაზღაურებელი ტკივილი”, - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ, პირველ რიგში, უნდა ისაუბროს იმაზე, როგორ გახადოს უფრო ეფექტური კრიმინალთა ბრძოლა.

“მომწონს, რომ პრემიერი ღელავს იმ იმიჯზე, რაც შსს-ს აქვს, რომ ამაზე დარდობს, იმიტომ რომ რეალურად კრიმინოგენური ვითარების დამარცხება ხდება სწორედ პოლიციისა და საზოგადოების ჩართულობით და სიახლოვით. როდესაც საზოგადოება ბოლომდე ენდობა პოლიციას, როცა ნდობა ფორმიანი ადამიანის მიმართ მაღალია, ესაა მომენტი, როცა კრიმინალი სუსტდება ქვეყანაში”, - განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის თქმით, ყველამ უნდა იზრუნოს იმაზე, რომ პატრულის თანამშრომელი იყოს მოქალაქის დამცველი და ადამიანებს მისი არ ეშინოდეთ.