"რიგ შემთხვევებში დავინახე, რომ ბრალდების მხარემ ბრალდების დამტკიცება ვერ მოახერხა”

პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობასთან” პოლიტიკური ანგარიშსწორება არჩევნებზე დასრულდა, ამჟამად კი ქვეყანაში სისხლის სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს.

“ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში პოლიტიკურ თემებზე კითხვები ისმება არჩევნების დროს, ვერდიქტი გამოაქვთ ამომრჩევლებს ხმის მიცემით. ეს ვერდიქტი “ნაციონალური მოძრაობისთვის” სამი არჩევნების შედეგად იქნა გამოტანილი, როცა ის ხელისუფლებას ჩამოაშორეს და გადაიყვანეს ოპოზიციაში. აქ პოლიტიკური ანგარიშსწორება მთავრდება, პოლიტიკური დევნა მიუღებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის. დღეს ჩვენ გვაქვს სისხლის სამართლებრივი კითხვის ნიშნები. სისხლის სამართლებრივი კითხვის ნიშნების დასმა, თუ მათში არ პრეველირებს პოლიტიკური ნიშნები, არამედ ეს არის რეალურად კითხვები სისხლის სამართლებრივ საქმეებზე, სახელმწიფოს ვალდებულებაა. მეტიც, თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, ამ პროცესს პატივი ვცეთ. მე არაერთხელ მოვუწოდე ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, რომ რადგან პრეზიდენტი იყო ორჯერ და თვლის, რომ დატოვა სამართლებრივი სახელმწიფო, მან პატივი უნდა სცეს სახელმწიფო ინსტიტუტებს და კითხვებს გასცეს პასუხი”, - განაცხადა მარგველაშვილმა გადაცემა “არჩევანში”.

მისივე თქმით, გამოიყენება თუ არა სისხლისსამართლებრივი საქმეები პოლიტიკური ანგარიშსწორებისთვის, ამას საზოგადოება უნდა დააკვირდეს.

“ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს სასამართლო პროცესები. რიგ შემთხვევებში, მე დავინახე, რომ ბრალდების მხარემ ვერ მოახერხა გარკვეული ბრალდების დამტკიცება. საინტერესოდ გამოიკვეთა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, რაც ჩვენი დემოკრატიული სისტემის მონაპოვარია”, - განაცხადა პრეზიდენტმა.