„დღეს რომ საქართველო NATO-ს დაუახლოვდა, ჩვენი შეიარაღებული ძალების დამსახურებაა“

„დღეს რომ საქართველო NATO-ს დაუახლოვდა, ჩვენი შეიარაღებული ძალების დამსახურებაა“

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ გადაცემა „არჩევანში“ სტუმრობისას უელსის სამიტის შედეგები შეაჯამა.

„ეს აშკარა წარმატებაა, რაც საქართველომ უელსის სამიტზე მოიპოვა. პირველ რიგში ეს ჩვენი შეიარაღებული ძალების დამსახურებაა. ეს ყველა დონეზე იყო აღნიშნული. ის, რომ საქართველოს თავსებადი ჯარი ჰყავს NATO-სთან, ის, რომ კონტრიბუციას ვუკეთებთ საერთაშორისო უსაფრთხოებას, გასდევდა ლაიტმოტივად მთელს სამიტს. რა თქმა უნდა, დელეგაციის სხვა წევრებიც ამ აზრზე არიან. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს ბიჭებს, რომლებიც ახლა, როდესაც ამ წამს ჩვენ ვსაუბრობთ, საერთაშორისო უსაფრთხოებას იცავენ ავღანეთში, ცენტრალურ აფრიკაში და რა თქმა უნდა მინდა იმ ოჯახებს, ვინც ამ დიდი მისიებში ოჯახის წევრები დაკარგეს, საქართველოსთვის და ევროატლანტიკური ჩარჩოსთვის დიდი მადლობა გადავუხადო. ეს პირდაპირ მათი დამსახურებაა, დღეს რომ საქართველო NATO-ს დაუახლოვდა. პაკეტში პირდაპირ წერია, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს NATO-ში. ამას გარდა, თვითონ გენერალურმა მდივანმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა და აქ ჩამოსულმა თავდაცვის  მინსიტრმა პირდაპირ მიაბა ეს საკითხი საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას“, - განაცხადა ალასანიამ.

თავდაცვის მინისტრმა სამიტზე წინასწარ მოსამზადებელ სამუშაოებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერმა სამინისტროებსა და მთავრობას სამი ძირითადი ამოცანა დაუსახა.

„რაც შეეხება თვითონ სამიტის შედეგებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, როდესაც ვემზადებოდით სამიტისთვის, მათავრობას და იმ სამინისტროებს, ვინც სამიტის მომზადებაში იყო ჩართული სამი ძირითადი ამოცანა დაუსახა: 1. სწორად აღნიშნულიყო მაქსიმალურად ბევრჯერ და პირდაპირი მიბმა ყოფილიყო საქართველოს მიღწევების და სამიტის და გაწევრიანებასთან გადადგმული ნაბიჯების, 2. საქართველოს თავდაცვისუნარიანობა ცალკე თავად ყოფილიყო გამოყოფილი და დიდი ძალისხმევა დაგვეხარჯა ნატო-საქართველოს პაკეტის შემუშავებაზე იმიტომ, რომ საზოაგდოებას დავპირდით, რომ სამიტის შემდეგ საქართველო უფრო დაცული იქნებოდა და 3. ტერიტორიული მთლიანობის კუთხით მაქსიმალური ძალისხმევა ჩაგვედო იმაში, რომ აღნიშნულიყო, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები გასულიყო საქართველოს ტერიტორიიდან, ანუ დეოკუპაციის მოწოდება. რა თქმა უნდა, სხვა სურვილებიც იყო, მაგალითად „მეპი“,- აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა.