“ნატო-ს სამიტიდან მაქსიმუმი მივიღეთ”

“ნატო-ს სამიტიდან მაქსიმუმი მივიღეთ”

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გადაცემა “არჩევანში” უელსის სამიტის შედეგებს აჯამებს და აცხადებს, რომ ეს იყო მაქსიმუმი, რისი მიღებაც საქართველოს ამ ეტაპზე ნატო-ს სამიტიდან შეეძლო.

“ჩვენ მანამდეც ვიცოდით, რომ ნატო-ს სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი, შესაბამისად, ამ წინაპირობებიდან გამომდინარე, მიღებულია მაქსიმუმი”, - აღნიშნა პრეზიდენტმა და დასძინა, რომ ის პაკეტი, რომელიც საქართველომ ამ სამიტზე მიიღო, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მაღალ ხარისხზე აიყვანს.

“საქართველო გახდება უფრო დაცული. დაცულობის ხარისხი მაქსიმუმია, როდესაც შენ გახდები წევრი, მაგრამ მანამდე ჩვენ უკვე ვიღებთ შედეგს თავდაცვის მიმართულებით”, - განაცხადა პრეზიდენტმა მარგველაშვილმა.

მისივე თქმით, სამიტის მიერ მიღებულ დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველოს აქვს რესურსი, მიუახლოვდეს ნატო-ს სტანდარტებს.

ამასთან, პრეზიდენტი განმარტავს, რომ ნატო-ს კომუნიკეს მიხედვით, საქართველო ასპირანტი ქვეყანაა.

“ასპირანტი ქვეყნების ჯგუფი შენარჩუნებულია. 92-ე, 93-ე და შემდეგი მუხლები ამ ასპირანტ ქვეყნებს ცალკე ახასიათებს და მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ექსპერტებმა ამაში დეტალურად ჩაიხედონ, ხოლო მეორე მხრივ, ჩვენ გადავედით ნატო-სთან ყველაზე თავსებადი პარტნიორების ჯგუფში და აქ უკვე სპეციფიურად ჩვენი სამხედრო მოხელეების მომზადების დონეა აღიარებული”, - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.