ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ხვალ ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოში ხვალ ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს

ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური მინისტრი სებასტიან კურცი ხვალ საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა.

იგი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაგეგმილი შეხვედრის შემდეგ მინისტრების ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მინისტრ კურცს თან ახლავს ავსტრიელ ბიზნესმენთა წარმომადგენლობითი ჯგუფი, ისინი საქართველო-ავსტრიის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას.

ეკონომიკურ ფორუმს, რომელიც 10 სექტემბერს გაიმართება, ავსტრიის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრები გახსნიან. ვიზიტის ფარგლებში სებასტიან კურცი ავსტრიის მთავრობის მიერ დაფინანასებულ პროექტებს გაეცნობა და გუდაურის ჰიდროელექტრო სადგურს მოინახულებს.

სებასტიან კურცის ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება საქართველოსა და ავსტრიას შორის სხვადასხვა სფეროში ჩამოყალიბებული მჭიდრო ურთიერთობების კონტექსტში. ამასთან, ვიზიტის ფარგლებში ყურადღება დაეთმობა მიმდინარე ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების პერსპექტივებსა და ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში ავსტრიის მხრიდან შესაძლო დახმარების საკითხებს.