1000 ლარის ღირებულების RENAULT CLIO 124 118 ლარის ღირებულების TOYOTA LAND CRUISER 200-ით ჩაანაცვლა

1000 ლარის ღირებულების RENAULT CLIO 124 118 ლარის ღირებულების TOYOTA LAND CRUISER 200-ით ჩაანაცვლა

მთავარმა პროკურატურამ 2013 წელს 1000 ლარის ღირებულების RENAULT CLIO 124 118 ლარის ღირებულების TOYOTA LAND CRUISER 200-ით ჩაანაცვლა.

პროკურატურის მიერ განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვებისა და ჩანაცვლებული ავტომობილების შესახებ ინფორმაციას IDFI ავრცელებს, რომელმაც შესაბამისი დოკუმენტაცია მთავარი პროკურატურიდან ოფიციალურად გამოითხოვა.

2013 წელს ავტომობილების ჩანაცვლების გზით ფასის სხვაობა შესყიდულ და ჩანაცვლებულ ავტომანქანებს შორის ჯამში შეადგენს 1 113 877 ლარს. ავტომობილთა ჩანაცვლების მიზნით ხელშეკრულებები იდებოდა მხოლოდ სამ კომპანიასთან, კერძოდ შპს "ჯი-თი მოტორსთან", შპს "ქარ რენთ ენდ თრეიდ-ინ კომფანი"-სთან და შპს "ავტო თრეიდ ინ"-თან.

რაც შეეხება უშუალოდ ჩანაცვლებულ და ჩასანაცვლებელ ავტომობილთა ღირებულებას, 2013 წლის 10 ივლისს მოხდა 1999 წლის, 1000 ლარის ღირებულების RENAULT CLIO-ს ჩანაცვლება 124 118 ლარის ღირებულების 2013 წლის TOYOTA LAND CRUISER 200-ით, შესაბამისად ფასის სხვაობა შესყიდულ და ჩანაცვლებულ ავტომობილებს შორის შეადგენდა 123 118 ლარს.

იგივე პრინციპით, პროკურატურის მიერ 2013 წლის 10 დეკემბერს ჩანაცვლებული იქნა 2008 წელს გამოშვებული ავტომანქანა LEXUS LX 570 იგივე მარკის 2013 წლის მოდელით, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 174 575 ლარს (გადახდილი სხვაობა 106 575 ლარი). 2013 წლის 11 დეკემბერს ავტომანქანა VAZ ნარჩენი ღირებულებით 3000 ლარი ჩანაცვლებული იქნა 65 890 ლარის ღირებულების TOYOTA CAMRY-ით (გადახდილი სხვაობა 62890 ლარი). 2013 წლის 13 დეკემბერს ავტომანქანა VAZ ნარჩენი ღირებულებით 4500 ლარი, ჩანაცვლებულ იქნა 103 594 ლარი ღირებულების ავტომანქანა TOYOTA LAND CRUISER PRADO-ით (გადახდილი სხვაობა 99 094 ლარი).

"მოყვანილი მაგალითებსა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, რომ ავტომობილების ჩანაცვლების გზით, პროკურატურას ქონდა შესაძლებლობა შესყიდვები განეხორციელებინა ელექტრონული შესყიდვების სისტემის გვერდის ავლით. შესაბამისად არის საკმარისი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ 1 113 877 ლარის განკარგვა მოხდა აუცილებელი საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობის გარეშე", - ნათქვამია IDFI-ის ინფორმაციაში.

IDFI აღნიშნავს, რომ პროკურატურის ბალანსზე ირიცხება 146 ავტომობილი, რომელთა შესყიდვაც ჯამში 5 857 324,84 ლარი დაჯდა.

IDFI ასევე ავრცელებს ინფორმაციას კომპიტერული ტექნიკის ჩანაცვლების შესახებაც. 2013 წელს კომპიუტერული ტექნიკის ჩანაცვლება საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ განხორციელდა ორჯერ. ერთ შემთხვევაში პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი (Pentium 4) ღირებულებით 85 ლარი, ჩანაცვლდა 4996 ლარი ღირებულების iMac i5-ით, ხოლო მეორე შემთხვევაში იგივე მონაცემის პერსონალური კომპიუტერის კომპლექტი 85 ლარის ნარჩენი ღირებულებით ჩანაცვლდა 7150 ლარის ღირებულების iMac i5-ით.

IDFI აღნიშნავს, რომ ისევე, როგორც ავტომანქანების შემთხვევაში, ჩანაცვლების გზით შეძენილი ტექნიკა არ ყოფილა გამოტანილი სახელმწიფო შესყიდვების ელექტრონულ სისტემაში.