ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო რეცეპტების ინსტიტუტის ამოქმედების შემდეგ აფთიაქებთან ექიმის კაბინეტების გახსნას გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, თუ ექიმი დაკავდება არა მხოლოდ რეცეპტების გამოწერით, არამედ ოჯახის ექიმის მოვალეობის სრულყოფილად შესრულებით, აფთიაქების მიმდებარედ ექიმის კაბინეტების შექმნასთან დაკავშირებით შეზღუდვა არ არის.
აფთიაქებთან გახსნილი ექსპრესკლინიკების შესახებ ჟურნალიტების კითხვებს დავით სერგეენკომ დღეს ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.
"სამინისტროს პოზიცია ამასთან დაკავშირებით არის ცალსახა. ეს დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დაცული იქნება ძირითადი სანებართვო პირობები და ექიმი დაკავდება არა მხოლოდ რეცეპტების გამოწერით, არამედ იმით, რასაც უნდა აკეთებდეს ოჯახის ექიმი. ამას აქვს თავის სანებართვო- საპასპორტო პირობები და ამ პირობების დაცვის შემთხევაში შეზღუდვა არ ხდება. ეს დასაშვებია იმ შემთხვევაში, როდესაც ექიმი განახორციელებს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტებით საექიმო საქმიანობას. თუ ეს იქნება ოჯახის ექიმი, სრულყოფილი საკანონმდებლო რეგულაციების დაცვით, არაფერი საწინააღმდეგო არ გვაქვს",-განაცხადა სერგეენკომ.
ამასთან დაკავშირებით კომენტარი "ავერსის" სააფთიაქო ქსელის ხელმძღვანელმა გია ჩიგოგიძემაც გააკეთა და განაცხადა, რომ აფთიაქებთან ახლოს ექიმის კაბინეტები კანონის სრული დაცვით, მათი მუდმივი მომხმარებლებისთვის და გარკვეული კონტიგენტისთვის შეიქმნა.
"ჩვენ ვფიქრობდით, ველოდებოდით რომ თავიდან რეფორმის პირველ კვირას ნეგატიური ტალღა იქნებოდა უფრო მძაფრი, გვიხარია, რომ ასე არ მოხდა. ასევე ვფიქრობდით, რომ გარკვეულ კონტიგენტს დასჭირდებოდა დახმარება, პირველ რიგში ეს ეხება მოხუცებს, რომელთაც უჭირთ გადაადგილება, ასევე არიან ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები, რომელთაც აქვთ დადგენილი დიაგნოზი და მუდმივად ერთი და იგივე წამლებს სვამენ. ეს არის უფასო სერვისი. ამასთან, კაბინეტების შექმნასთან დაკავშირებიული ხარჯი მედიკამენტების ფასში არ ასახულა და არც აისახება. რაც შეეხება ექიმებს, ისინი სერტიფიცირებულები არიან და ასევე ჩავუტარეთ ინსტრუქტაჟი", - განაცხადა ჩიგოგიძემ.