ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელებს კონტროლის მაქსიმალური გამკაცრებისკენ მოუწოდებს

ირაკლი ღარიბაშვილი პოლიციელებს კონტროლის მაქსიმალური გამკაცრებისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილ პოლიციელებს მოუწოდებს, მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი.

როგორც კახეთში სტუმრობისას პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა, პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან დანერგილი ტერმინი - რეიდი არის მიზანმიმართული, რათა მოქალაქეებს გაუჩინონ გარკვეული ნეგატიური ასოციაცია ბნელ წარსულთან.

ღარიბაშვილის განცხადებით, ეს არის ჩვეულებრივი, ევროპაში აპრობირებული საპოლიციო კონტროლი და პრევენციული ღონისძიებები, რომლის გატარების სრული უფლება აქვს პოლიციას.

"მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო შს სამინისტროს, მინისტრს და უწყების ხელძღვანელობას იმისთვის, რომ ძალიან ეფექტურად ახორციელებენ ამ ღონისძიებებს. მინდა შეგახსენოთ, რომ ორი წლის წინ, როცა მოვედით ხელისუფლებაში, მე ვიყავი სამინისტროში პოლიტიკის რადიკალურად შეცვლის ინიციატორი. ძალიან კარგად გახსოვთ რა დაგვხვდა ჩვენ - კუდ-ი, სოდ-ი. სრული რეორგანიზაცია ჩავატარეთ სამინისტროში და ჩემი მთავარი პრინციპები - კანონიერება, სამართლიანობა და ჰუმანურობა, ამ სამი პრინციპის დამცველები ვართ და ვიქნებით მუდამ", - აღნიშნა პრემიერმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა სამართალდამცველებს კონტროლის გამკაცრებისკენაც მოუწოდა.

"მინდა, კიდევ ერთხელ მოვუწოდო პოლიციელებს, მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი. მათ აქვთ ამის სრული უფლება კანონით მინიჭებული და ის ისტერიკა, რაც ამ დღეებში გვესმოდა, მიმართული იყო პირადად მინისტრის და მთელი სამინისტროს დისკრედიტაციისკენ. პროცესი არის მაქსიმალურად გამჭვირვალე, ჩვენ არაფრის დამალვა არ გვჭირდება. მთავარია ის, რომ მოქალაქეებს ჰქონდეთ სიმშვიდის განცდა. მოგიწოდებთ, რომ თქვენ გაქვთ ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, ჩვენს ოპონენტებთან საუბარს აზრი არ აქვს, მაგრამ ვამბობ თქვენი და ჩვენი მოქალაქეების გასაგონად - სიტუაცია არის აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ და არავიტარი გაუარესება არ ყოფილა. პირიქით, გვაქვს საგრძნობი კლება და დღეს მიმდინარე ღონისძიებები მიმართულია იმისკენ, რომ იყოს მეტი წესრიგი და დისციპლინა და ბაღებში და სკვერებში, სადაც ბავშვები და დედები დადიან, არ ხდებოდეს ღრეობა, სმა, გინება და ჩხუბი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, პოლიცია დღეს მუშაობს აბსოლუტურად ევროპული სტანდარტებით, ეს არის უპრეცენდენტო.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პოლიციელებს აქვთ სრული უფლება, ნებისმიერ კანონდარღვევაზე მოახდინონ მაქსიმალურად მკაცრი რეაგირება.

"კრიმინალთან ბრძოლაში ჩვენ ვართ აბსოლუტურად უკომპრომისო და არავითარი დათმობა არ იქნება", - აღნიშნა მან.