მთავრობამ რამდენიმე თვის წინ იმსჯელა და გაერო-ს სამიტზე პრემიერი გაემგზავრება

მთავრობამ რამდენიმე თვის წინ იმსჯელა და გაერო-ს სამიტზე პრემიერი გაემგზავრება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გასამგზავრებელ დელეგაციაზე მთავრობამ რამდენიმე თვის წინ იმსჯელა და გადაწყდა , რომ ვინაიდან პრემიერ-მინისტრი არის აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელი, გაერო-ს სამიტზე გაემგზავრება პრემიერი. ასე გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილი გაერო-ში ვიზტთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას.

"განსაზღვრულია დელეგაციის შემადგენლობა, თვეების წინ დავადასტურეთ ყველაფერი და ვერ ვხედავ ამაში რაიმე კითხვას", -განაცხადა პრემიერმა.

კითხვაზე, გაემგზავრება თუ არა მასთან ერთად პრეზიდენტი აშშ-ში, პრემიერმა განაცხადა, რომ არ იცის.

"არ ვიცი, გუშინ მოვისმინე საგარეო უწყების განცხადება და ალბათ ისინი გაარკვევენ", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

გაერო-ს გენერალური ასამბლეაზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა 26 სექტემბრისთვის არის დაგეგმლი. ამავე ასამბლეის ფარგლებში, კლიმატის შესახებ სამიტზე გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმებოდა, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გასულ კვირაში განაცხადეს, რომ ამ სამიტზეც სიტყვით პრემიერი გამოვა და საგარეო უწყება გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად არ მუშაობს.