საქართველოში წელსაც უპრეცედენტო რთველი იქნება

საქართველოში წელსაც უპრეცედენტო რთველი იქნება

ისევე როგორც შარშან, საქართველოში წელსაც უპრეცედენტო რთველი იქნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სოფელ ველისციხეში "კახეთის ტრადიციული მეღვინეობის" ახალი ქარხნის გახსნისას განაცხადა.

"მინდა შევეხო რთველის მიმდინარეობას. წელს, ისევე როგორც გასულ წელს, უპრეცედენტო რთველი გვაქვს და კახეთში მართლაც სხვა ხიბლი აქვს რთველს. გასულ წელს კახეთის რეგიონში 100 მილიონ ლარზე მეტი შემოვიდა. მიუხედავად გვალვისა და სეტყვისა, 100 000 ტონაზე მეტი ყურძნის მოსავალი იქნება წელს. მთავრობა აბსოლუტურად მობილიზებულია. ჩვენ სოფლის მეურნეობის მინისტრის კოორდინაციის ქვეშ შევქმენით საგანგებო შტაბი, რომელიც 24-საათიან რეჟიმში მუშაობს. ჩართულია ყველა სამსახური, რათა მაქსიმალურად ეფექტურად მოხდეს ყურძნის დაკრეფა და ჩაბარება. მთავრობის ხელშეწყობით, 1 კგ ყურძნის მინიმალური ფასი არის 1 ლარი და მე ძალიან მახარებს, რომ წელს რეკორდული ფასი დაფიქსირდა ყურძნის როგორც რქაწითელზე, ისე საფერავზე", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისსივე თქმით, 3-4 წლის წინ, გლეხი იძულებული იყო ვენახი გაეჩეხა, თუმცა ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ ასე აღარ ხდება.

"გასულ წელს ღვინის ექსპორტი გავაორმაგეთ. იყო დრო როდესაც ქართველ გლეხს არათუ უჭირდა ყურძნის ჩაბარება, არამედ აიძულებდნენ მას, რომ გაეჩეხა ვენახი. ეს იყო ძალიან მძიმე პერიოდი საქართველოს უახლოეს ისტორიაში. ეს ხდებოდა სულ რაღაც 3-4 წლის წინ. ჩვენ აბსოლუტურად შევცვალეთ მიდგომა. საქართველოს მთავრობის ხელშეწყობით მევენახეობა და მეღვინეობა როგორც იქნა დაფასდა საქართველოში. გავაკეთებ ყველაფერს იმისთვის, რომ ეს დარგი კიდევ უფრო გაძლიერდეს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

პრემიერის განცხადებით, მომავალ წელს, მარტის თვეში სატესტო რეჟიმში გაეშვება სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა, რომელიც წინასწარი გათვლებით იქნება ძალიან ეფექტური.

"ასევე, ჩვენ წელს დავიწყეთ აგროდაზღვევა. ეს არის საპილოტე პროგრამა იმისთვის, რომ გლეხს მაქსიმალურად გვერდში დავუდგეთ. მიმდინარეობს სახელმწიფო სუბსიდია. სუბსიდია შარშან გავაკეთეთ ციტრუსის. წელს ვაპირებთ ვაშლზე გავაკეთოთ. არც ვაშლზე, არც ყურძენზე და არც ციტრუსზე არასდროს ყოფილა სუბსიდია. ჩვენ ქვეყანაში მეღვინეობა უნდა გახდეს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო დარგი", - აღნიშნა პრემიერმა.

მანვე რუსეთის ბაზრის გახსნაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ქართველი მეღვინეებისთვის შვება იყო.

"ჩვენ გავხსენით ბაზრები. მინდა გამოვყო რუსეთის ბაზარი, სადაც წლების განმავლობაში შეუძლებელი იყო ღვინის გატანა. ეს ძალიან დიდი შვება იყო ჩვენი მეღვინეებისთვის. მიმაჩნია, რომ უნდა გავაგრძელოთ ახალი ბაზრების მოძიება, რაც ჩვენ უძველეს და ტრადიციულ მეღვინეობას კიდევ უფრო გააძლიერებს და განავითარებს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რაც შეეხება ახალი საწარმოს გახსნას, ღარიბაშვილის თქმით, მისთვის ძალიან სასიხარულო დღეა, რადგან დღეს, ამ შესანიშნავ ადგილზე კიდევ ერთ ძალიან კარგი ქარხანა გაიხსნა.

"ეს არის კიდევ ერთი წარმატებული პროექტი ჩვენი მასპინძელი კომპანიის. წელს, დამატებით კიდევ 4 საწარმოს გახსნას აპირებს ეს კომპანია. მთავრობის სახელით მაქსიმალურ მხარდაჭერას ვუცხადებ როგორც ამ კომპანიას, ასევე მთლიანად კერძო სექტორს", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.