საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა

საპარლამენტო დელეგაცია ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ვიცე-სპიკერ ზვიად ძიძიგურის ხელმძღვანელობით ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფებოდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ქართულმა მხარემ მონაწილეობა მიიღო რიგით მეოთხე "ჩინეთ-ევრაზიის ექსპო 2014"-ში, რომლის მთავარი თემა აბრეშუმის გზისა და ახალი ეკონომიკური სარტყელის მშენებლობა იყო.

მათივე ცნობით, ექსპოს გახსნაზე ზვიად ძიძიგური, ყირგიზეთისა და ყაზახეთის პრემიერ მინისტრებთან ერთად სიტყვით გამოვიდა. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მნიშვნელობას რეგიონალური თვალსაზრისით და ისაუბრა ახალი აბრეშუმის გზის მშენებლობაში საქართველოს ჩართულობის აუცილებლობაზე.

ოფიციალური ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს დელეგაციამ შეხვედრები გამართა ჩინურ მხარესთანაც.

"მათგან აღსანიშნავია საქართველოს დელეგაციის შეხვედრა ჩინეთის ვიცე პრემიერ ვანგ იანგთან. ვიცე პრემიერმა ხაზი გაუსვა საქართველოში არსებულ სტაბილურ პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობას და ისაუბრა ორი ქვეყნის თანამშრომლობის ახალ პერსპექტივებზე. ზვიად ძიძიგურმა საქართველოს ხელისუფლების სახელით ორმხრივი თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა და დაადასტურა საქართველოს სურვილი და მზაობა აბრეშუმის გზის მშნებლობაში მონაწილეობის შესახებ. მაღალი დონის სხვა შეხვედრებიდან აღსანიშნავია შეხვედრა სინძიანის ავტონომიური რეგიონის კომუნისტური პარტიის თავმჯდომარესთან, სინძიანის მთავრობის თავმჯდომარესთან და ურუმჩის მერთან. ხელისუფლების წარმომადგენლების გარდა შეხვედრა შედგა რამდენიმე მსხვილ კომპანიასთანაც. მათ შორის ჰუალინგ ჯგუფთან და TBEA-სთან, რომლებთანაც განხილულ იქნა ეკონომიკური თანამშრომლობის ახალი დღის წესრიგი, მათ შორის ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების საკითხები", - აცხადებენ საგარეო უწყებაში.