„უბრალოდ მინდა ბევრი ფული, არ არის სწორი, რაში გვჭირდება ეს უნდა ავხსნათ“

„უბრალოდ მინდა ბევრი ფული, არ არის სწორი, რაში გვჭირდება ეს უნდა ავხსნათ“

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელის განცხადებით, მისი სამსახურის ბიუჯეტი დაახლოებით 3,5 მილიონი ლარია, თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებითი თანხები მოთხოვნილი იქნება.

„საკმარისი თანხა არასდროს არ არსებობს. ჩვენ უნდა მოვამზადოთ პროგრამები და ამ პროგრამების აუცილებლობის დასაფუთების შემდეგ, თუ ასეთი საჭიროება იქნება, მოვითხოვოთ თანხები. უბრალოდ, მინდა ბევრი ფული, არ არის სწორი, რაში გვჭირდება, ეს უნდა ავხსნათ“, - განაცხადა შიხიაშვილმა.

რაც შეეხება საკადრო პოლიტიკას და იქნებიან თუ არა საკრებულოს ყოფილი სხვა წევრები მის დაქვემდებარებაში მყოფ ახალ სამსახურში, შიხიაშვილმა აღნიშნა, რომ მისთვის საკადრო პოლიტიკაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

„პოლიტიკა რომ ჩამომიყალიბდეს, ჯერ კარგად უნდა გავეცნო სამსახურის მუშაობის სპეციფიკას. შესაბამისად, გადავხედო სტრუქტურას თუმცა, ერთი მინდა ვთქვა, რომ ცვლილებები ამ სამსახურში, მედიის ინფორმირების გარეშე არ მოხდება“, - განაცხადა შიხიაშვილმა და აქვე დასძინა, რომ ცვლილებები, სავარაუდოდ, სამსახურის დებულებაშიც განხორციელდება.

ირაკლი შიხიაშვილი ასევე ვეტერანების მხრიდან აღნიშნულ თანამდებობაზე მისი დანიშვნის გაპროტესტებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ ადამიანებთან შეხვედრა უკვე ჰქონდა.

„მაგალითად, ბატონ ემზარ ქვარაიას პირადად შევხვდი მეგობრულ წრეში. ძალიან კარგი ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. მას არ ჰქონდა სრულყოფილი ინფორმაცია. საუბრის შემდეგ, როგორც მეგობრები, ისე დავშორდით. ყველა მოწადინებულები ვართ იმისთვის, რომ ვეტერანებისთვის საერთო საქმე ყველამ ერთად გააკეთოს. მზად ვარ ყველა ვეტერანთან შეხვედრისთვის. სამსახური აბსოლუტურად ტრანსფარანტული და გახსნილი იქნება. მედიას რა კითხვებიც გექნებათ, ვეცდები ამ კითხვების დასმამდე ინფორმაცია მოგაწოდოთ“, - განაცხადა შიხიაშვილმა.

საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი შიხიაშვილი ვეტერანთა საქმეების ხელმძღვანელად 8 სექტემბერს დაინიშნა.