მინისტრებმა N5 დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლის ბინადრები დაასაჩუქრეს

მინისტრებმა N5 დაწესებულების დედათა და ბავშვთა სახლის ბინადრები დაასაჩუქრეს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი გიორგი მღებრიშვილი და ფინანსთა მინისტრი ნოდარ  ხადური სასჯელაღსრულების N5 (ქალთა) დაწესებულებაში არსებულ დედათა და ბავშვთა სახლს ესტუმრნენ.

მინისტრებმა საცხოვრებელი დაათვალიერეს, პატიმარი ქალბატონები და მათი მცირეწლოვანი შვილები ინახულეს და საჩუქრად  ტანსაცმელი, სათამაშოები, ბავშვის მოვლისა და ჰიგიენის საშუალებები გადასცეს.

 „პირველი დაწესებულება, რომელიც მინისტრად დანიშვნის შემდეგ დავათვალიერე, სწორედ ქალთა დაწესებულება და დედათა და ბავშვთა სახლი გახლდათ. ჩემთვის, პირველ რიგში, როგორც მამისთვის და შემდეგ, როგორც მინისტრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ამ დაწესებულებაში იმყოფებიან ბავშვები დედებთან ერთად, რომლებსაც სჭირდებათ განსაკუთრებული ყურადღება და მე ვდებ პირობას და ვიძლევი გარანტიას, რომ ჩემი მინისტრობის განმავლობაში ისინი განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნებიან“ - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, ეს აქცია არ იქნება ერთჯერადი და ფინანსთა სამინისტრო გააგრძელებს იმ ბავშვების დახმარებას, რომელთაც ცხოვრების პირველი წლების გატარება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დედებთან ერთად  უწევთ.

ვიზიტი გიორგი მღებრიშვილის ინიციატივითა და ფინანსთა სამინისტროს მომსახურეობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.