„ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპატრამენტის დირექტორობა თავად მსურდა“

„ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპატრამენტის დირექტორობა თავად მსურდა“

თბილისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ირაკლი შიხიაშვილის განცხადებით, ამ თანამდებობაზე მისი დანიშვნის გადაწყვეტილება თავად პრემიერმა მიიღო.

ამისთვის და გამოცხადებული ნდობისთვის ის ირაკლი ღარიბაშვილს და მის გუნდს მადლობას უხდის.

ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ დიდი ხნის განმავლობაში ვეტერანთა პრობლემები თაროზე იყო შემოდებული, ვერ წყდებოდა და არ იყო ჯეროვანი დამოკიდებულება ამ ადამიანების მიმართ.

„ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის, როგორც ვეტერანისთვის ძალიან დიდი პატივია ის ნდობა, რომელიც პრემიერმა და მისმა გუნდმა გამომიცხადა. მინდა, როგორც ვეტერანებს, ისევე საზოგადოებას, განვუცხადო, რომ ძალებს არ დავიშურებ იმისთვის, რომ ვეტერანთა მდგომარეობა, მათ მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება გაუმჯობესდეს. ასევე, მეტი ინფორმაცია მიიღოს ხალხმა მათ მიერ ჩადენილი გმირობების, საქმიანობის შესახებ. თუ როგორი გმირები ჰყავს ქვეყანას და რის ფასად იცავდნენ სამშობლოს. ჩემთვის, როგორც სამსახურის დირექტორისთვის და მთავრობისთვის, უმნიშვნელოვანესია, რომ ვეტერანების წარსულის ტკივილით ცხოვრება დასრულდეს, დაბრუნდნენ აწმყოში და მომავალს თვალი იმედით გაუსწორონ“, - განაცხადა შიხიაშვილმა.

მისივე თქმით, თანამდებობაზე 8 სექტემბერს დაინიშნა, მანამდე კი სხვადასხვა საკითხებზე მიმდინარეობდა კონსულტაციები, თუმცა მისი სურვილი იყო, რომ ვეტერანთა დეპარტამენტში წამოსულიყო.

„კარგად ვიცნობ ამ სფეროს. ძალიან ბევრი მეგობარი მყავს ვეტერანი და ძალიან კარგად ვიცი, რა მდგომარეობაში არიან დღეს. მინდა ეს გამოწვევა მივიღო და მათ წინაშე პირნათელი ვიყო“, - დასძინა შიხიაშვილმა.

კითხვაზე, ეწინააღმდეგებოდა თუ არა მის კანდიდატურას ვიცე-პრემიერი კახა კალაძე, ვეტერანების საქმეთა დეპატრამენტის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ მას „ქართული ოცნების“ გენერალურ მდივანთან და ვიცე-პრემიერთან კარგი დამოკიდებულება აქვს და მსგავსი ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება.

„ზოგიერთ მავანს აწყობდა დაპირისპირების რეალობად წარმოჩენა, თუმცა მინდა დავადასტურო, რომ ეს არის ცრუ ინფორმაცია. კახა კალაძესთან, ისევე, როგორც გუნდის დანარჩენ წევრებთან, ნორმალური ურთიერთობა მაქვს“, - განაცხადა შიხიაშვილმა.