“2015 წელს დამატებით გამოიყოფა რესურსები და მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება დაიწყება”

“2015 წელს დამატებით გამოიყოფა რესურსები და მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება დაიწყება”

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პედაგოგებთან შეხვედრაზე განაცხადა. მისივე თქმით, მასწავლებლის ხელფასი იქნება მზარდი 2016 და 2017 წლებშიც.

“მე დიდი იმედი მაქვს, რომ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სისტემა ახალ პერსპექტივას შექმნის ჩვენი ქვეყნის განათლების სფეროში. ჩვენ მასწავლებლის პროფესია უნდა ვაქციოთ ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ პროფესიად, როგორც ეს მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ ქვეყნებშია. აი, ამ მხარდაჭერით, ასეთი კომპლექსური მიდგომით, თანამიმდევრული ნაბიჯებით ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ მასწავლებლობა გახდეს მიმზიდველი პროფესია ახალგაზრდებისთვის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ განათლების სფეროსათვის ასეთ მნიშვნელოვან პროცესებში,  ჩვენი მასწავლებლები აქტიურად ჩაებმებიან. 

საქართველოს მთავრობა ძალიან სერიოზულად ეკიდება ამ საკითხს და გეგმავს მხარი დაუჭიროს რეფორმას. მასწავლებლის მოტივაციის გაზრდა უაღრესად მნიშვნელოვანია. ჩვენ მზად ვართ ამ ინიციატივის ფინანსური ხელშეწყობისთვის.

თქვენ იცით, რომ 2012-2013 წლებში გაიზარდა პედაგოგებისა და სკოლის სხვა პერსონალის ხელფასი, გაუმჯობესდა პედაგოგის საშვებულებო პირობები. მინდა გითხრათ, რომ 2015 წელს დამატებით გამოიყოფა ფინანსური რესურსები და დაიწყება მასწავლებლის სახელფასო პოლიტიკის მოწესრიგება. ნოემბრის თვისთვის გვეცოდინება დამატებითი ინვესტიციების ზუსტი მოცულობა. მასწავლებლის ხელფასი იქნება მზარდი 2016 და 2017 წლებშიც. მისასალმებელია, რომ მასწავლებლის ანაზღაურების ზრდა, ახალი სქემის მიხედვით,  დამოკიდებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ მის მიღწევებზე. ეს თითოეულ მასწავლებელს გაუზრდის მოტივაციას.

თქვენზე ძალიან ბევრია დამოკიდებული. ვიცი, რამხელა პასუხისმგებლობით ეკიდებით საკუთარ საქმეს, რისთვისაც თითოეულ თქვენგანს მინდა მადლობა გითხრათ.

მინდა ყველას გისურვოთ წარმატებები თქვენს საქმიანობაში. მჯერა, რომ განათლების სისტემის განვითარების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე თქვენ ძალიან სერიოზულ როლს შეასრულებთ”, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.