მეცნიერი, რომლის გამოც ქართველ დეპუტატებს ირანში უსაყვედურეს, 2009 წელს დააკავეს

მეცნიერი, რომლის გამოც ქართველ დეპუტატებს ირანში უსაყვედურეს, 2009 წელს დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი უფროსის შოთა უტიაშვილის ინფორმაციით, წინა ხელისუფლების დროს ბირთვულ სფეროში მომუშავე ირანელი მეცნიერი არდებილი დააკავეს, რომელიც აშშ-ს გადასცეს, აშშ-მა კი ირანთან ურთიერთობების გაუმჯობესების შემდეგ გაათავისუფლა. მეცნიერ არდებილის დაკავება დაახლოებით 2009 წელს მოხდა.

"მეცნიერი დააკავეს, რომელიც ყიდულობდა სარაკეტო ტექნოლოგიებს იმ დროს, როდესაც ირანი მწვავე სანქციების ქვეშ იყო. მეცნიერი საქართველოშიც ამ მიზნით იყო ჩამოსული, რის გამოც ჩვენ დავაკავეთ და გადავეცით ამერიკულ მხარეს. შემდეგ, როდესაც აშშ-ირანს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდა, ეს ადამიანი გაათავისუფლეს და დააბრუნეს ირანში", - განაცხადა უტიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ მეცნიერის დაკავებას მწვავე რეაქცია მოყვა ირანულ მხარეში და ეს რეაქცია მათ ქართულ მხარესთანაც დააფიქსირეს.

გუშინ, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ირანის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილესთან ირანში ვიზიტისას რთული და ხისტი შეხვედრა შედგა. მისი თქმით, ირანულმა მხარემ მათ ისიც შეახსენა, რომ საქართველომ თავის დროზე – ირანელი მეცნიერი დააკავა.

"შეხვედრა დიდ პოლემიკაში არ გადაზრდილა, მაგრამ ყველაფერი შეგვახსენეს და არც ჩვენ დავრჩით ვალში. შეგვახსენეს ისიც, რომ ჩვენ თავის დროზე – რაც არ ვიცოდი, ირანელი მეცნიერი დავაკავეთ, რომელიც ამერიკელებს გადავეცით და შემდეგ ამერიკელებმა დააბრუნეს", – განაცხადა ჯაფარიძემ.