ისრაელის საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები საქართველოში მსხვილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებით დაინტერესდნენ
ამის შესახებ დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ებრაელი ბიზნესმენების შეხვედრაზე გახდა ცნობილი.
ირაკლი ღარიბაშვილმა ბიზნესმენებს მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა და ქვეყანაში არსებული საინვესტიციო გარემოს, ასევე მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
ებრაული საინვესტიციო კომპანიების, Kitaiminvest-ის, Plarium-ის და Pegasus East West-ის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის და ინფრასტრუქტურის მიმართულებით საქართველოში მსხვილი პროექტების განხორციელების სურვილი გამოთქვეს.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რომ ბიზნესმენებმა საქართველოს ინოვაციებისა და მაღალი ტექნოლოგიების განვითარების სააგენტოში 100 ათასი დოლარის ოდენობის შემოწირულობა განახორციელეს. საქართველოს მთავრობა აღნიშნულ საინვესტიციო კომპანიებთან მაღალი ტექნოლოგიების განვითარების სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ილია ელოშვილი დაესწრნენ.