როგორც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლევან იზორიამ განაცხადა, საპოლიციო კონტროლი მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე ხორციელდება.
მისივე თქმით, პოლიციელები კანონის დაცვით და მაქსიმალური სიზუსტით ასრულებენ სამუშაოს.
მინისტრის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს არ არის რეიდი, არამედ ეს არის საპოლიციო კონტროლი.
„ეს არ არის რეიდები, როგორიც იყო საბჭოთა კავშირში. არც 20 წლის განმავლობაში პოლიციის კანონში ჩარჩენილი რეიდების რეგულაცია. ეს არის სრულიად ახალი საპოლიციო კონტროლი, რომელიც აბსოლუტურად ყველანაირ ევროპულ სტანდარტს შეესაბამება. ეს ღონისძიება, პირველ რიგში, პრევენციულ ღონისძიებებს ემსახურება. მიმართულია იმისკენ, რომ მოქალაქეების დაცვის მიზნით, თავიდან იქნეს ყველანაირი დანაშაული თავიდან აცილებული. საპოლიციო კონტროლს პოლიციელები ასროლებენ კანონის სრული დაცვით და მაქსიმალური სიზუსტით. შედეგიც ძალიან კარგია. მინდა ვთქვა, რომ საზოგადოება ამას ძალიან პოზიტიურად აღიქვამს. ზუსატდ საზოგადოების მოთხოვნებიდან გამომდინარე ხორციელდება საპოლიციო კონტროლი“, - განაცხადა იზორიამ.
მისივე თქმით, მინისტრის ბრძანებით, ამ ღონისძიების კანონიერი კონტროლი დაევალა გენერალურ ინსპექციას და თუ რაიმე დარღვევა იქნა სამართალდამცველთა მხრიდან, ამას გენერალური ინსპექცია შეისწავლის.
ლევან იზორიას განცხადებით, საპოლიციო კონტროლისთვის მათ სპეციალური გადამზადება და ინსტრუქცია ჩაუტარდათ.
„როგორც კი ახალი კანონი მივიღეთ, რამდენიმე თვე გაგრძელდა პრაქტიკული შესწავლა და პოლიციელთა გადამზადება. ერთია, რომ პოლიციელმა იცის რა ფარგლებში უნდა იმოქმედოს მოქალაქესთან და მეორეა, მოქალაქემ იცოდეს, რა ფარგლებში აქვს პოლიციელს მოქმედების საფუძველი. ხშირ შემთხვევაში, როცა მოქალაქეს აქვს პრეტენზია, არ იცის, რომ პოლიციელს აქვს ზედაპირული დათვალიერების და შემოწმების უფლება, ხოლო ჩხრეკის უფლება აქვს, როცა სამართლებრივი საფუძველი წარმოიქმნება“, - განაცხადა იზორიამ.
მინისტრის მოადგილის თქმით, რამდენ ხანს გაგრძელდება საპოლიციო კონტროლი, ეს ხელმძღვანელობის გადასაწყვეტია და ეს საჯაროდ გასაცემი ინფორმაცია არ არის.