„გაერო-ში 2 დელეგაციის წასვლა, ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება“

„გაერო-ში 2 დელეგაციის წასვლა, ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება“

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა განაცხადა, მას იმედი აქვს, რომ სამიტამდე კომუნიკაცია პრეზიდენტთან კიდევ შედგება და ის სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ამასთან, როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ სამიტზე ქვეყნის 2 უმაღლესი რანგის წარმომადგენელი გაემგზავროს.

მისივე თქმით, ასამბლეას თან ახლავს კლიმატიც ცვლილებების სამიტი, რომელიც ერთ-ერთი რიგითი ღონისძიებაა, ამიტომ მასზე პრემიერ-მინისტრის გამგზავრების გადაწყვეტილება მიიღეს.

„მინდა, ვიყო გულწრფელი ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ ამაზე გვქონდა პრეზიდენტთან და მის მრჩეველთან თენგიზ ფხალაძესთან კომუნიკაცია, თუმცა თვით უელსის სამიტზე ვერ მოხერხდა ამაზე საუბარი, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ასამბლეაზე უნდა გაემგზავროს ერთი დელეგაცია. არ არსებობს არცერთი პრეცედენტი, როცა ქვეყნის 2 ლიდერი მიემგზავრება ერთ სამიტზე. მთავრობამ იმსჯელა ამ სამიტზე და მივიღეთ ეს გადაწყვეტილება. გაერო-ს გენერალურ ასამბლეას თან ახლავს კლიმატის ცვლილებების სამიტი. ეს არის ერთ-ერთი რიგითი ღონისძიება. ამიტომ, ჩვენი ლოგიკა არის აქედან გამომდინარე, რომ უნდა გაემგზავროს პერმიერ-მინისტრი. მინდა გითხრათ, რომ უელსის სამიტზე პრემიერს ჰქონდა მოწვევა, მოლოდინიც იყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი იქ ჩავიდოდა, უფრო მეტიც, როდესაც ის ესაუბრა წამყვანი ქვეყნის ლიდერებს, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერს ანგელა მერკელს და საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს, იქ გამოთქმული იყო მათი მხრიდან მოლოდინი, რომ შეხვდებოდნენ უელსის სამიტზე. გარკვეული ორმხრივი ღონისძიებებიც კი იგეგმებოდა, კერძოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ ეს არ ყოფილიყო ჩვენთვის დამაზიანებელი, ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის დამაზიანებელი, პრემიერ-მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ წავიდოდა და პრეზიდენტი წარმოადგენდა საქართველოს ამ სამიტზე. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას არ აქვს იმის ფუფუნება, რომ 2 უმაღლესი რანგის ადამიანი გაემგზავროს სამიტზე. 2 დელეგაცია ძალიან სერიოზულად დამაზიანებელი ფაქტორი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა გამოვთქვა რწმენა, რომ თუ კომუნიკაცია შედგება პრეზიდენტთან, მიღებული იქნება სწორი გადაწყვეტილება“, - განაცხადა ზალკალიანმა.