ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი ევროპარლამენტარს, ევროპარლამენტში საქართველოზე მომხსენებელს ანდრეს მამიკინსს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ევროკავშირს შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე, მათ შორის, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მნიშვნელობასა და საქართველოსთვის გაჩენილ ეკონომიკურ სარგებელსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს.
სახელმწიფო მინისტრმა ევროპარლამენტარს ინფორმაცია მიაწოდა ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგის განხორციელების 2014 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის შემუშავებისა და ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესის შესახებაც. ალექსი პეტრიაშვილმა ხაზი გაუსვა ამ პროცესში ევროკავშირის ქვეყნებისა და პარტნიორი ქვეყნების მხარდაჭერის მნიშვნელობას და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ერთგულება ერთ-ერთი უმთავრესი საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტისადმი - გახდეს ევროკავშის წევრი.
შეხვედრაზე ასევე აღინიშნა სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი და გამოითქვა იმედი, რომ საქართველო უახლოეს მომავალში გადავა სამოქმედო გეგმის მეორე ფაზაზე.
თავისმხრივ, ანდრეს მამიკინსმა აღნიშნა საქართველოს მიერ სხვადასხვა სფეროებში მიღწეული პროგრესი და განაცხადა, რომ ევროპარლამენტი უახლოეს მომავალში მოახდებს ასოცირების შესახებ შეთანხმების რატიფიკაციას.
შეხვედრაზე, ასევე, საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს, საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობასა და უელსის სამიტის შედეგებს. ალექსი პეტრიაშვილმა სტუმარს მადლობა გადაუხადა ოკუპირებული ტერიტორიების მიმართ არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებისთვის.