“ჩვენ დავინახეთ, რა დაემართა უკრაინას და პირდაპირ შემიძლია ვთქვა: ისე, როგორც თავის დროზე, 2008 წელს, მიხეილ სააკაშვილმა თავისი უპასუხისმგებლო მოქმედებებით დააქცია საქართველო, უკრაინა პოლიტიკოსთა ნაწილმა თავისი უპასუხისმგებლო მოქმედებებით უმძიმესი კრიზისის წინაშე დააყენა. დღეს ლაპარაკი იმაზე, ვინ რა წააგო და ვინ რა მოიგო, ძალიან არასერიოზულია, მაგრამ ერთი ნამდვილად შემიძლია ვთქვა: უკრაინა დამარცხდა, ძალიან ბევრი რამ დაკარგა და სამწუხაროდ, ის აღარასოდეს იქნება ისეთი ქვეყანა, როგორიც იყო. ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ ყირიმთან დაკავშირებით საერთაშორისო საზოაგადოება აღარაფერს ლაპარაკობს და დიდ მიღწევად არის ჩათვლილი, რომ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე მოხერხდა მოლაპარაკება. ეს ჩვენთვის უნდა იყოს ძალიან მწარე გაკვეთილი”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, საქართველომ მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება უნდა გაითვალისწინოს და არა მხოლოდ თავისი, არამედ სხვების შეცდომებიდანაც უნდა გამოიტანოს დასკვნები:
“ბოლო 18 წლის განმავლობაში ჩვენ გამუდმებით ველოდით, რომ სიტყვები - “ნატო-ს კარი ღიაა” რეალობად იქცეოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს კარი საქართველოსთვის არის დახურული. რას გვთავაზობს ჩვენი ხელისუფლება – კიდევ 18 ან 38 წელი ველოდოთ, რომ იქნება მუდმივი ძახილი, რომ ნატო-ს კარი ღიაა, სინამდვილეში კი ყველა კონკრეტული სამიტის შემდეგ ჩვენ მივიღებთ არა იმას, რასაც ველით, არამედ იმას, რასაც შემდეგ ხალხის წინაშე გავასაღებთ, როგორც იმაზე უკეთესს, რასაც ველოდებოდით? ეს არის საზოგადოებისთვის თვალებში ნაცრის შეყრა, რასაც დღეს აკეთებს ჩვენი ხელისუფლება, როდესაც ლაპარაკობს, რომ ნატო-ს სამიტი საქართველოსთვის დიდი წარმატება იყო. ეს სამიტი ჩვენი ქვეყნისთვის წარმატება ნამდვილად არ ყოფილა, ჩვენ ვერ მივიღეთ MAP, რომელიც ყველა იმ ადამიანის მოლოდინი შეიძლება იყოს, ვისაც ჯერ კიდევ ილუზიები აქვს საქართველოს ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით”, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
როგორც მან აღნიშნა, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში მოვლენები ვითარდება ისე როგორც აწყობს ყველას, გარდა ქართველი ხალხისა - საქართველოს მოსახლეობისა.