კალათბურთში ევროპის 2015 წლის ჩემპიონატი საფრანგეთში ჩატარდება. sportall.ge-ს ინფორმაციით, ამის შესახებ გადაწყვეტილება ფიბა-ში დღეს მიიღეს.
თავდაპირველად "ევრობასკეტი 2015"-ის ჩატარება უკრაინაში იგეგმებოდა, თუმცა ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის გამო ფიბა-მ მისი სხვა ქვეყანაში გადატანის გადაწყვეტილება მიიღო.
ევროპირველობის მასპინძლობის სურვილი რვა ქვეყანამ გამოთქვა. გარდა საფრანგეთისა, "ევრობასკეტი 2015"-ის მასპინძლობა ხორვატიას, ფინეთს, გერმანიას, ისრაელს, ლატვიას, თურქეთსა და პოლონეთს სურდათ.
საბოლოოდ ფიბა-ს ჩინოვნიკების არჩევანი საფრანგეთზე შეჩერდა. ორგანიზაციამ უკრაინას "ევრობასკეტი 2017"-ის მასპინძლობის პრიორიტეტული უფლება დაუტოვა.
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა "ევრობასკეტ 2015"-ზე ასპარეზობის უფლება შესარჩევ ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებით მოიპოვა, სადაც მეტოქეებად ჩეხეთის, უნგრეთისა და პორტუგალიის ნაკრებები ჰყავდა.