“პათოსი, რაც ამ უსტარშია, “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობას სრულად შეესაბამება”

“პათოსი, რაც ამ უსტარშია, “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობას სრულად შეესაბამება”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად ძიძიგურის შეფასებით, გიგი უგულავას სახელით გავრცელებული წერილის შინაარსი “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობის სტილს ძალიან ჰგავს.

როგორც “პირWელთან” საუბრისას ძიძიგურმა განაცხადა, საპარლამენტო ოპოზიციის ტაქტიკა კრახისთვისაა განწირული, რადგან ქვეყანაში დღეს სხვა ტიპის სტანდარტია.

“ისინი რაც ოპოზიციაში გადავიდნენ, სწორედ ასე ცდილობენ შექმნან ისტერიული ფონი ყველა მიმართულებით, ვითომ კრიმინოგენური მიმართულებითაა გაუარესება, თითქოს ეკონომიკაშია ჩავარდნა, თითქოს განათლების სფეროში კოლაფსია. ეს მათი სტილია, თუმცა ვფიქრობ, ეს ტაქტიკა კრახისთვისაა განწირული, ვინაიდან ქვეყანაში დღეს სრულიად სხვა ტიპის სტანდარტია. საქართველოს მოსახლეობა ოპოზიციისგან რაციონალურ და კონსტრუქციულ ჭრილში ოპონირებას ითხოვს და არა ისე, როგორც ამას ნაციონალები აკეთებენ. ასე ოპონირებდნენ “ნაციონალები” შევარდნაძის ხელისუფლების წინააღმდეგ და მაშინ ეს სავსებით გამართლებული იყო, ვინაიდან შევარდნაძის ხელისუფლება ქვეყანაში არსებულ ვერცერთ გამოწვევას ვერ პასუხობდა. დღევანდელი ხელისუფლების წინააღმდეგ იგივე მეთოდების გამოყენება ადასტურებს იმას, რომ ისინი დროის მოთხოვნებს ჩამორჩნენ, რაც ჩვენი პრობლემა ნამდვილად არაა”, – განაცხადა ძიძიგურმა.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა აღნიშნული წერილი გამოძიების საგანი გახდეს, პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ ამით გიგი უგულავას 50 მილიონი ლარის არამოზნიბრივ ხარჯვაზე მძიმე ბრალი არ წაეყენება.

“არ ვიცი რაღა უნდა გამოიძიონ, კაცი 50 მილიონის არამიზნობრივად ხარჯვის ბრალდებითაა ციხეში მოთავსებული და არ მგონია, უფრო მძიმე ბრალდება იყოს ასეთი წერილის გამოგზავნა. თუმცა კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ არ ვარ დარწმუნებული წერილის გიგი უგულავას მიერ გაგზავნაში, თუმცა პათოსი, რაც ამ უსტარშია “ნაციონალური მოძრაობის” საქმიანობას სრულად შეესაბამება”, – განუცხადა “პირWელს” ზვიად ძიძიგურმა.