დავით ზალკალიანი ოპონენტებს მოუწოდებს, ნუ ეძებენ სენსაციებს იქ, სადაც ამის საჭიროება არ არის

დავით ზალკალიანი ოპონენტებს მოუწოდებს, ნუ ეძებენ სენსაციებს იქ, სადაც ამის საჭიროება არ არის

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი კატეგორიულად არ იზიარებს ოპონენტების მოსაზრებას , თითქოს უელსის ნატო-ს სამიტის კომუნიკეს 31-ე მუხლი საქართველოსთვის დამაზიანებელია. ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ზალკალიანი მოუწოდებს ყველას, გულდასმით წაიკითხონ ეს კომუნიკე.

"ამის შესახებ ჩვენმა მეგობარმა ჯეიმს აპატურაიმაც გააკეთა განცხადება და განმარტა კიდეც. კომუნიკეში ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებზეა საუბარი, რომლებსაც არ აქვთ საშუალება თავისუფალი გადაადგილების, ვაჭრობაზე წვდომის. ჩვენ ოპონენტებს მოვუწოდებ – ნუ ეძებენ რაღაც სენსაციებს იქ, სადაც არ არის ამის საჭიროება. პირიქით, მე ვფიქრობ, რომ ყველა ის ასპექტი, რომელიც მიღებულია ამ კომუნიკეში, არის ჩვენთვის ხელსაყრელი, ჩვენი მხარდამჭერი და არანაირ ზიანს ის ჩვენს ქვეყანას არ მოუტანს", -განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ჯეიმს აპატურაი ნატო-ს სამიტის დეკლარაციას, კონკრეტულად კონფლიქტების ნაწილს, სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ეხმაურება.

აპატურაის განმარტებით, დეკლარაციაში ნათქვამია, რომ გაჭიანურებული კონფლიქტები ძირს უთხრის რეგიონის მოქალაქეების შესაძლებლობებს, რათა მიიღონ მათი სრული პოტენციალი, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების წევრებმა.

"ტექსტი შეგნებულად მიანიშნებს "მოქალაქეებზე": მათი გადაადგილების, ვაჭრობისა და კეთილდღეობის თავისუფალ შესაძლებლობებზე. ის შეგნებულად არ იყებებს ტერმინს "სახელმწიფოები", იმიტომ, რომ ნატო არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ მესამე მხარეს შეუძლია შეწყვიტოს გაფართოების პროცესი კონფლიქტის შექმნით ან გაყინვით. ასპირანტი ქვეყნები შეფასდებიან მათი რეფორმებით, თავიანთი და ნატო-ს მზადყოფნით: ეს ნათელი და მარტივია", - წერს აპატურაი.

უელსის ნატო-ს სამიტის დეკლარაციის 31-ე მუხლში აღნიშნულია, რომ გაჭიანურებული კონფლიქტები კვლავ რჩება შეშფოთების საგნად. დელკარაციის ამ პუნქტში ნათქვამია, რომ ალიანსი გააგრძელებს იმ ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც მიმართულია კონფლიქტების მშვიდობიანი დარეგულირებისკენ სამხრეთ კავკასიაში და ასევე მოლდოვაში.

"გაჭიანურებული კონფლიქტები კვლავაც რჩება შეშფოთების საგნად, რომელიც ძირს უთხრის რეგიონის მოქალაქეების შესაძლობლებს რომ მიიღონ სრული პოტენციალი, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების წევრებმა. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, ჩაერთონ კონსტრუქციულად და გაძლიერებული პოლიტიკური ნებით კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებაში, მოლაპარაკებების დამკვიდრებულ ჩარჩოების ფარგლებში", - ნათქვამია დეკლარაციის 31-ე მუხლში.