საქართველოდან აშშ-ში ორი დელეგაციის გამგზავრება არანაირ უხერხულობას არ ქმნის

საქართველოდან აშშ-ში ორი დელეგაციის გამგზავრება არანაირ უხერხულობას არ ქმნის

ექსპერტი გია ხუხაშვილი გაერო-ში პრეზიდენტის გამგზავრებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ განცადებაში "ლოგიკას" ვერ ხედავს.

როგორც ხუხაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, საქართველოდან აშშ-ში ორი დელეგაციის გამგზავრება არანაირ უხერხულობას არ ქმნის.

"მე ლოგიკას ვერ ვხედავ ამ განცხადებაში. რას ქვია ქვეყნის იმიჯს აზიანებს ის, რომ საქართველოს პრეზიდენტი გამოვა გაერო-ს ტრიბუნიდან? დიდი ბოდიში, მაგრამ ეს ისეთი მაღალი დონის ტრიბუნაა, რომ რაც უფრო კარგად იქნება წარმოდგენილი საქართველოს ხელისუფლების სხვადასხვა შტოები, ქვეყნის ინტერესებისთვის მით უკეთესი იქნება. ეს ხომ არ არის "სვეტების ტუსოვკა"? რა ლაპარაკია ეს, საერთოდ, და სადაა ლოგიკა, მე ვერ ვხედავ. გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე გამოდის პრემიერ-მინისტრი, სხვა ფორუმზე გამოდის პრეზიდენტი. რაც უფრო მეტად ვიქნებით წარმოდგენილები, რაც უფრო მეტი ახალი კონტაქტები გაუჩნდება ერთ თუ მეორე უმაღლეს პირს, ეს ქვეყნის ინტერესებშია. არანაირი უხერხულობა ამაში არ არის", - განაცხადა ხუხაშვილმა.

ექსპერტის განმარტებით, შეიძლება ამით ვინმეს, პერსონალურად ექმნება უხერხულობა, მაგრამ "ეს მისი პრობლემაა".

"თუ ამით ვინმეს პერსონალურად, სუბიექტურად ექმნება უხერხულობა, ეს მისი პრობლემაა და მის პრობლემად დავტოვოთ. საზოგადოებისა და სახელმწიფოსთვის ეს, რა თქმა უნდა, არავითარ უხერხულობას არ შეიცავს", - აღნიშნა ხუხაშვილმა.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა დღეს განაცხადა, რომ თუ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო ორი უმაღლესი დელეგაციით იქნება წარმოდგენილი, ეს ძალიან სერიოზული დამაზიანებელი ფაქტორი იქნება ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯისთვის.

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი, გაერო-ში საქართველოდან ორი დელეგაციის გამგზავრებაში "უხერხულობას" ვერ ხედავს.

ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს უელსში გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამის შეკითხვაზე პასუხად განუცხადა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი აშშ-ში შედგება.

"შემდეგი ვიზიტი იგეგმება შეერთებულ შტატებში. მე მაქვს ვიზიტი, ასევე, თურქეთშიც, მაგრამ ჯერ - შეერთებულ შტატებში. მე ვერ ვხედავ ამაში უხერხულობას", - განაცხადა პრეზიდენტმა.

გაერო-ს გენერალური ასამბლეაზე ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა 26 სექტემბრისთვის არის დაგეგმლი. ამავე ასამბლეის ფარგლებში, კლიმატის შესახებ სამიტზე გიორგი მარგველაშვილის სიტყვით გამოსვლა იგეგმებოდა, თუმცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გასულ კვირაში განაცხადეს, რომ ამ სამიტზეც სიტყვით პრემიერი გამოვა და საგარეო უწყება გაერო-ში პრეზიდენტის ვიზიტის მოსამზადებლად არ მუშაობს.