“ასეთი კონკრეტული, ხელშესახები შედეგები საქართველოს ნატო-ს სამიტიდან 2008 წლის შემდეგ არ მიუღია”

“ასეთი კონკრეტული, ხელშესახები შედეგები საქართველოს ნატო-ს სამიტიდან 2008 წლის შემდეგ არ მიუღია”

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ უელსის სამიტის შედეგების შეჯამებისას განაცხადა, სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები საქართველოს თავის მიზანთან კიდევ უფრო დაახლოებს.

დავით ზალკალიანის განცხადებით, ნატო-ს სამიტზე  ქვეყნის დემოკრატიის და თავდაცვის სისტემის მოდერნიზაციის პროგრესის აღიარება მოხდა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

ამასთან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველოსთვის ძალიან ფასეულია ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილება არსებულ ღონისძიებათა პაკეტის შემუშავების შესახებ და ქვეყანა მზაობას გამოთქვამს დაიწყოს მუშაობა ამ პაკეტის ელემენტების განხორციელებაზე.

“ნატო-ს უელსის სამიტი გახდა ყველაზე წარმატებული სამიტი 2008 წლიდან მოყოლებული, სადაც საქართველომ მიიღო მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი ხელშესახები შედეგები, პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ამ სამიტზე მოხდა საქართველოს დემოკრატიის განვითარების, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციის და თავდაცვის ინსტიტუტების რეფორმების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესის აღიარება ნატო-სგან, დასკვნით კომუნიკეში ალიანსის მიერ დაფიქსირებულია ღია კარის პოლიტიკის და კონკრეტულად ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი. საქართველო მიესალმება და იზიარებს ალიანსის შეფასებას, რომ ნატო-ს და საქართველოს უკვე აქვს ურთიერთქმედების საჭირო მექანიზმები, რომელიც ქვეყანას მიიყვანს საბოლოო მიზანთან. მნიშვნელოვანია, ის ფაქტი, რომ კომუნიკესთან ერთად ჩვენ მივიღეთ ძალიან კონკრეტული არსებითი პაკეტი, სადაც არის ძალიან სერიოზული კონკრეტული ელემენტები, მხედველობაში მაქვს, საქართველოში თავდაცვის განვითარების მისიის მოვლინება, საქართველოში ნატო-სთან ერთად საწვრთნელი ბაზის დაფუძნება და ასევე, რაც მნიშვნელოვანია, ეს არის სამეკავშირეო ოფისის გაფართოება. ეს ის მნიშვნელოვანი ელემენტებია, რომელიც ჩვენ კიდევ უფრო დაგვაახლოებს ნატო-ს წევრობასთან და როგორც ეს არის აღნიშნული კომუნიკეში, არსებითი პაკეტი კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოს ნატო-სთან დაახლოების. საქართველოსთვის ძალიან ფასეულია ნატო-ს სამიტის გადაწყვეტილება არსებულ ღონისძიებათა პაკეტის შემუშავების შესახებ და მზაობას გამოვთქვამთ, რომ დაუყოვნებლივ დავიწყოთ მუშაობა ამ პაკეტის ელემენტების განხორციელებაზე. აღსანიშნავია, ასევე რომ მოკავშირეებმა დადებითად შეაფასეს საქართველოს თავდაცვის სისტემაში გატარებული რეფორმები. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეს არის  საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასთან დაკავშირებული საკითხი, საუბარია, რომ ახალი ელემენტი გაჩნდა, რომ რუსეთის ფედერაციამ უნდა გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან. მხარდაჭერილია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. კიდევ ერთელ მინდა, დავადასტურო ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ასეთი კონკრეტული, ხელშესახები შედეგები საქართველოს ნატო-ს სამიტიდან 2008 წლის შემდეგ არ მიუღია და ეს კიდევ უფრო დაგვაახლოებს ჩვენს მიზანთან”, - განაცხადა ზალკალიანმა.