უკეთესი იქნება, შს მინისტრი იყოს მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა ან ძალიან მაგარი პოლიციელი

უკეთესი იქნება, შს მინისტრი იყოს მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა ან ძალიან მაგარი პოლიციელი

უკეთესი იქნება შინაგან საქმეთა მინისტრი იყოს ან მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა, ან ძალიან მაგარი პოლიციელი", - ამის შესახებ ექსპერტმა გია ხუხაშვილმა ჟურნალისტებთან დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა.

მისივე შეფასებით, ავტორიტეტის გარეშე ისეთი სპეციფიური სისტემის მართვა, როგორიც შინაგან საქმეთა სამინისტროა, ძალიან ძნელია.

"არის მუდმივი საუბარი მინისტრის პერსონასთან დაკავშირებით. მე არ ვიცნობ მინისტრს, ამბობენ, რომ კარგი ადამიანია და მისი საწინააღმდეგო ნამდვილად არაფერი მაქვს, მაგრამ მე რისკს ვხედავ ერთ რამეში – გამომდინარე სისტემის სპეციფიურობიდან, შინაგან საქმეთა სამინისტრო იმართება შიშით და ავტორიტეტით. საჭიროა შიშის და ავტორიტეტის დათესვა თუნდაც იმისთვის, რომ არ ხდებოდეს ის, რაც ხდება დღეს, მაგალითად, როცა პატრული თავის შიგნით დაგროვილ აგრესიას აფრქვევს ქუჩაში მდგარ ახალგაზრდაზე და ამის პრეცენდენტები შეიქმნა ბოლო დღეებში. მინისტრი უნდა იყოს ან ძალიან მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა, ან ძალიან მაგარი პოლიციელი, რომელმაც ნულიდან ყველა ეტაპი გაიარა და გახდა მინისტრი, რომლის ავტორიტეტიც სწორედ ამაზე დგას და ამიტომ აქვთ მის მიმართ რიდი ქვედა დონეებზე. სამწუხაროდ, მოქმედი მინისტრი არც ერთ ამ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს", - განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ექსპერტის აზრით, აღნიშნულიდან გამომდინარე არსებობს რისკი, რომ სისტემაში გარკვეული რყევები დაიწყოს.

"მას არც პოლიტიკური და არც პირადი დამსახურება არ აქვს ისეთი, რომ იყოს უპირობო ავტორიტეტი. აქ არის რისკი, რომ სისტემაში დაიწყოს გარკვეული რყევები და არასასურველი ტენდენციები. ვფიქრობ, ამაზე ხელისუფლებამ უნდა იფიქროს. მიუხედავად იმისა, რომ ეჭვი არ მეპარება, ეს ადამიანი 24 საათის განმავლობაში მუშაობს, ეს არ არის საკმარისი იმისთვის, რომ იყო პოლიტიკური ფიგურა. უკეთესი იქნება შს მინისტრი იყოს ან მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა, ან ძალიან მაგარი პოლიციელი. ავტორიტეტის გარეშე ამ სპეფიციური სისტემის მართვა არის ძალიან ძნელი", - აღნიშნა ხუხაშვილმა.