საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის, დავით ზალკალიანის განცხადებით, თუ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველო ორი უმაღლესი დელეგაციით იქნება წარმოდგენილი, ეს ძალიან სერიოზული დამაზიანებელი ფაქტორი იქნება ჩვენი ქვეყნის საგარეო იმიჯისთვის.
ამის შესახებ დავით ზალკალიანმა ორშაბათის ტრადიციულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, ჰქონდა თუ არა საგარეო საქმეთა მინისტრს მაია ფანჯიკიძეს გაერო-სთან დაკავშირებით კომუნიკაცია პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, უელსის სამიტზე მსგავსი კომუნიკაცია სამწუხაროდ ვერ მოხერხდა გამომდინარე იქედან, რომ ძალიან დატვირთული გრაფიკი იყო. ზალკალიანმა იმ არგუნემტებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა, რა არგუმენტებიც აქვს საგარეო უწყებას.
"მიგვაჩნია, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ერთი დელეგაციით. არ არის არც ერთი პრეცედენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ისტორიაში, როდესაც ერთი ქვეყნის ორი უმაღლესი ლიდერი ყოფილიყო წარმოდგენილი. მთავრობამ იმსჯელა და რადგან ახალი კონსტიტუციით პრემიერი არის საგარეო ურთიერთობების აღმასრულებელი, გადაწყდა, რომ გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე დელეგაციას პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
მისივე თქმით, გაერო-ს გენერალურ ასამბლეას ყოველ წელს თან ახლავს უამრავი პარალელური ღონისძიება და ერთ-ერთი ასეთი არის კლიმატური ცვლილებების სამიტი. ზალკალიანი მიიჩნევს, რომ საქართველო არ არის ისეთი ქვეყანა, რომელსაც აქვს იმის ფუფუნება, რომ ორი უმაღლესი დონის ლიდერი იყოს წარმოდგენილი გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე ერთ-ერთ მის შემადგენელ ღონისძიებაზე.
"ამიტომ მიგვაჩნია, რომ ასეთ ღონისძიებაზე, როგორიც არის გაერო-ს გენერალური ასამბლეა უნდა იყოს ერთი დელეგაცია", - განაცხადა ზალკალიანმა.
მისივე თქმით, დარჩენილ დროში გაგრძელდება პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია და საკუთარ არგუმენტებს პრეზიდენტს პირადად საგარეო საქმეთა მინისტრი გააცნობს. ზალკალიანი დარწმუნებულია, რომ თუკი ეს კომუნიკაცია შედგება, ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც ქვეყნის საგარეო იმიჯს არ დააზიანებს.
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კი, გაერო-ში საქართველოდან ორი დელეგაციის გამგზავრებაში "უხერხულობას" ვერ ხედავს.
ამის შესახებ მარგველაშვილმა ჟურნალისტებს უელსში გამართულ პრესკონფერენციაზე, შესაბამის შეკითხვაზე პასუხად განუცხადა და აღნიშნა, რომ მისი ვიზიტი აშშ-ში შედგება.
"შემდეგი ვიზიტი იგეგმება შეერთებულ შტატებში. მე მაქვს ვიზიტი, ასევე, თურქეთშიც, მაგრამ ჯერ - შეერთებულ შტატებში. მე ვერ ვხედავ ამაში უხერხულობას", - განაცხადა პრეზიდენტმა.