რეიდები მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის აუცილებელია

რეიდები მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის აუცილებელია

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის შეფასებით, ბოლო პერიოდის ფაქტების ფონზე საპოლიციო რეიდების განხორციელება მოქალაქეთა უსაფრთხოებისთვის აუცილებელია.

სესიაშვილის განცხადებით, ყურადღება უნდა მიექცეს, რომ პოლიციელებმა კანონის ფარგლებში იმოქმედონ და ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს ადგილი არ ჰქონდეს. რეიდების საკითხის კომენტირებისას სესიაშვილმა ყურადღება გაამახვილა, რომ ეს არის კანონით გათვალისწინებული საპოლიციო საკონტროლო ღონისძიება.

"მესმის, რომ შეიძლება გარკვეულ გადაცდომებს ადგილი ჰქონდეს, მაგრამ ესეც არის გაკვეთილი იმისა, რომ თუკი სადმე რაიმე ხარვეზია, გამოვასწოროთ, მაგრამ მთავარია უზრუნველყოფილი იყოს ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება", - აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ირაკლი სესიაშვილმა.

ბოლო დღეებში მოქალაქეთა ნაწილი სოციალურ ქსელებში ინფორმაციას ავრცელებს, რომ რეიდების დროს პოლიციელების მხრიდან ადგილი აქვს მოქალაქეების მიმართ უხეშ მოპყრობას.